ახალი სტარტაპი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს სარეკლამო SMS-ებიდან სარგებლის მიღებაში დაეხმარება
საქართველოში ახალი სტარტაპი შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ყოველდღიურად, სხვადასხვა კომპანიისგან მიღებული სარეკლამო SMS-ებიდან სარგებელი ნახოს.
სტარტაპს SMSQula ჰქვია და როგორც მისი თანადამფუძნებელი ნოდარ ივანიძე ამბობს, ის ლოიალურობის პროგრამას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, იყოს ინფორმირებული უახლეს შეთავაზებებზე და ამავდროულად, დააგროვოს ქულები, რომელსაც შემდგომ გადაცვლის სასურველ შეთავაზებასა თუ პრიზებში.
„ყოველდღიურად საშუალოდ 5-7 SMS მისდის თითოეულ ადამიანს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, მიიღონ თუ არა კომპანიების მხრიდან შეთავაზებები, მიღების შემთხვევაში კი ჰქონდეთ კონკრეტული სარგებელი. აღსანიშნავია, რომ ლოიალურობის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თებერვლის ბოლოდან შეეძლება. ქულების შემოწმებას და მათ გადაცვლას კი მომხმარებელი უკვე 15 მარტიდან შეძლებს“, – აღნიშნა “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას ნოდარ ივანიძემ, SMSQula-ს თანადამფუძნებელმა.
მისივე განმარტებით, ლოიალურობის პროგრამაში ჩართვის 2 გზა არსებობს.
„პროგრამაში ჩართვა მარტივია, მომხმარებელი უნდა შემოვიდეს smsqula.ge-ზე და ნომრის შეყვანით დაადასტუროს სხვადასხვა ტიპის შეთავაზებების SMS სახით მიღება. არსებობს მეორე გზაც – პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს 1-იანი 90094-ზე“, – განმარტა ნოდარ ივანიძემ.
მისივე ინფორმაციით, სტარტაპის სამომავლო გეგმებშია ამ სერვისის შეტანა მეზობელ ქვეყნებში, უახლოეს 6 თვეში კი – ლოიალურობის პროგრამაში მილიონ-ნახევარი ადამიანის ჩართვა. შეგახსენებთ, საქართველოში, 1-ელი მარტიდან არასასურველი სარეკლამო SMS-ების წინასწარი თანხმობის გარეშე გაგზავნა იკრძალება. ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.