ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები პორტუგალიაში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Simplesmente Vinho იმართება.
„საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია სპეციალური სტატუსით – ღვინის სამშობლო ქვეყანა!“
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია – „ბაიას ღვინო“, „იბერიელი“, „ლაპატი“, „ოქროს ღვინო“, „ორი მარანი“, „ლაგაზი“, „ლისივაინი- მესხიშვილის მეღვინეობა“, „ბუას ღვინო“, „ჭონას მარანი“, „ნიკოლაძეების მარანი“ და „თევზას ღვინო“ მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის იგეგმება ქართული ღვინის სამი მასშტაბური დეგუსტაცია. ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქვევრის ღვინის წარმოების განვითარების ხელშეწყობაა.
აღსანიშნავია, რომ „იუნესკოს“ მიერ 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2021 წელს ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა