ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა უფრო მეტ თანამდებობის პირს მოუწევს
ეს საკითხი პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, იგეგმება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა. ცვლილებებზე კი ანტიკორუფციული ბიურო მუშაობს.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, იგეგმება იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალის გაფართოება, ვისაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვს, გარდა ამისა, მუშაობა მიდის დეკლარაციების წარდგენის ვადების ცვლილებაზეც.
„ცვლილებების მიზანია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ისეთი მექანიზმების შექმნა და უკვე არსებულის დახვეწა, რომელიც გააუმჯობესებს დეკლარაციის შევსებისა და მონიტორინგის პროცესებს. კერძოდ, დაგეგმილია: თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გამოქვეყნებისთვის განსაზღვრული ვადის ცვლილება; ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობისათვის შესაბამისი რეაგირება; ადმინისტრაციული გამოძიება;
თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ პირთა წრის გადახედვა გაფართოების მიზნით; ანტიკორუფციული ბიუროსათვის მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე (მ.შ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი) რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება;
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე (მ.შ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი) გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შექმნა და გაუმჯობესება (მ.შ. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილების მინიჭება, სახდელის სახეების და ოდენობის გადახედვა).
პოლიტიკური პარტიის ლიკვიდაციის ერთ-ერთ საფუძვლად პოლიტიკური პარტიის მიერ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარუდგენლობის განსაზღვრა,“- აღნიშნულია პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში.