„მატყლს ვყრით, ფასი არ აქვს“ – მეცხვარეთა ასოციაცია
„მატყლს ვყრით, ფასი არ აქვს“, – აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.
ბექა გონაშვილის თქმით, ის კომპანიები, რომლებსაც ქართული მატყლი ექსპორტზე გააქვთ, პროდუქტს მინიმალურ ფასად იბარებენ, აქედან გამომდინარე, მეცხვარეები მის გადაყრას ამჯობინებენ.
„მეცხვარეობის კუთხით საქართველოში მატყლის საკითხია ძალიან დიდი პრობლემა. მატყლს არანაირი ფასი არ აქვს და მისი გადაყრა გვიწევს. ვისაც ექსპორტზე მიაქვს, ძალიან დაბალ თანხას იხდიან, არადა როგორც ვიცი, სამჯერ მეტს შოულობენ ექსპორტით“, – აღნიშნა ბექა გონაშვილმა.
ამის გარდა, გონაშვილი მეცხვარეთა ასოციაციის მომავალ გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, აპირებენ, რომ მატყლი ბიოსასუქად გადაამუშავონ და ექსპორტზე სწორედ ამ ფორმით გაიტანონ.
„ჩემი აზრით, მატყლის ბიოსასუქად გადამუშავებაა საჭირო. ჩვენ გვაქვს პროექტის იდეა და უკვე ვმუშაობთ ამ საკითხე, მაგრამ საკმაოდ დიდი სახსრებია საჭირო. მატყლის ბიოსასუქად გადამუშავებას დანადგარები სჭირდება, რომლებიც დაახლოებით 300-350 ათასი ევრო ღირს. ამიტომაა ეს საკითხი პრობლემური. ევროპაში უკვე აქტიურად იყენებენ მატყლს ბიოსასუქად და ჩვენი მიზანიც სწორედ მიღებული პროდუქტის ექსპორტზე გატანაა. სხვა კუთხით, ქართული მატყლის გამოყენება თითქმის შეუძლებელია, მისი სიუხეშიდან გამომდინარე“, – ამბობს ბექა გონაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.