ახალი ამბები

გაიცანით დიზაინერი ახმეტიდან, რომელიც ტრადიციულ და თანამედროვე სამოსს ქმნის

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები დიზაინერი რუსუდან უსუფაშვილი, ტრადიციულ და თანამედროვე სამოსს ქმნის. ის აწარმოებს სხვადასხვა სახის სამოსს და აქსესუარებს, ტრადიციულ კაბებს და ჩოხებს.

რუსუდანი ასევე ხევსურულ სამოსს: ქათიბს, ტალავარს, მოქარგულ ქუდებს, ქამრებს, ჩანთებს, სამაჯურებს, ჟილეტს, თავსაბურავებს და სამკაულებს ქმნის.
რუსუდან უსუფაშვილი ამბობს, რომ ეს საქმიანობა ბავშვობიდან იტაცებდა. სწორედ ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა და 5 წლის წინ საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია. როგორც თავად ამბობს, წარმოებულ სამოსს თუ ხელნაკეთ ნივთებს ადგილზე და ასევე, საზღვარგარეთ ყიდის.

,,ვარ ხელოვანი, ვქარგავ და ვქმნი ტრადიციულ სამოსს. დავამთავრე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯერ გავხდი ბაკალავრი, შემდეგ კი დავამთავრე მაგისტრატურა. პროფესიით ვარ ბიოლოგი. ამ მომენტში ვსწავლობ კოლეჯ ,,აისიში”, მხატვრულ ქსოვაზე. მაქსიმალურად ვარ ჩართული ქართული ტრადიციული სამოსის წარმოებაში.

5 წელია რაც ამ საქმიანობას მივყვები. გარკვეული წლები მივიწყებული მქონდა ეს საქმე, თუმცა ბიძგი მომცა ჩემმა მეუღლემ, რომელსაც აღმოაჩნდა დიზაინერობის ნიჭი და ერთად ნულიდან წამოვიწყეთ ეს საქმე. მაქვს გამოცდილება როგორც წარმოებაში, ასევე რეალიზაციაში. ჩვენი სამოსი გასცდა ქვეყნის საზღვრებს.

გვყავს მუდმივი მომხმარებელი. მაქვს აქტიური ფეისბუქ გვერდი და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმა, სადაც ხდება ამ სამოსის განთავსება. მსურს, ყველას გავაცნო და აღვადგინო ძველი ტრადიციული სამოსი, ამ საქმიანობას ვანხორციელებთ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. მინდა დავუმტკიცო ყველას, რომ არაა აუცილებელი ცხოვრობდე ქალაქში წარმატების მისაღწევად, აქაც შესაძლებელია აწარმოო მაღალი დონის ეროვნული სამოსი. ამ დროისთვის ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის სამოსს და აქსესუარებს. ტრადიციულ კაბებს, ჩოხებს და ხევსურულ სამოსს (ქათიბი, ტალავარი. მოქარგული ქუდი, ქამარი, ჩანთა, სამაჯური, ჟილეტი, თავსაბურავი, სამკაულები და ა.შ)’’,- განუცხადა knews.ge-ს რუსუდან უსუფაშვილმა.

რუსუდანი ამბობს, რომ ისეთი ეროვნული სამოსის შექმნა, რომელიც იქნება ხარისხიანი, დიდ შრომას მოითხოვს და დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. როგორც რუსუდანი განმარტავს, მისი ნამუშევრები საქართველოსა და საზღვარგარეთ იყიდება. ასევე მისი შექმნილი სამოსით ინტერესდებიან ჩოხოსნები და ცეკვისა და სიმღერის გუნდები.

,,როდესაც საქმეს ვიწყებთ, თავდაპირველად ხდება ნახაზის შედგენა, ვხატავ ორნამენტებს და ვადგენ სამოსის შესაფერის დიზაინს. შემდეგ თითოეულ ორნამენტს ვუხამებ შესაფერის ფერს და ეს ნახაზი გადამაქვს კანვაზე, ნაქარგის სახით. როდესაც ნაქარგი მზად მექნება, შემდეგ ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რომელი ქსოვილი მოუხდება მას. ამის მერე ხდება უკვე სამოსის შეკერვა. დასრულებულ სამოსს ვაუთოვებ და ვაცმევ მანეკენს, რათა მომხმარებლამდე მივიტანო შესრულებული ნამუშევარი, ვუღებ ფოტოებს და ვანთავსებ ინტერნეტ სივრცეში.

ამის შემდეგ იწყება კომენტარები და პირადი შეტყობინებები, რაზეც დაუზარელად ვპასუხობ. ამის შემდეგაც ხდება ნამუშევრის შეკვეთა. მოთხოვნა ყველა სამოსზეა და ძირითადი მომხმარებლები არიან თბილისიდან და საზღვარგარეთიდან.

ასევე ინტერესდებიან ჩოხოსნები, სხვადასხვა ცეკვის და სიმღერის სტუდიები და სხვა. ჩემი პროდუქცია იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ყველაფერი ხელნაკეთია, არ ვიყენებ მოხატვას და სხვა საშუალებებს, თითოეული ჩემი ნაქარგი არის უნაკლო, უშეცდომო და სუფთად შესრულებული. ასევე არავის ვპარავ იდეას, ყველაფერი ჩემი ფანტაზიით იქმნება. თავდაპირველად არ მქონდა შესაბამისი ინვენტარი და ვერ ვამზადებდი ისეთი მაღალი დონის ნამუშევრებს, როგორც ეხლა’’,-აცხადებს რუსუდანი.

რუსუდანი განმარტავს, რომ ორჯერ მოიპოვა ,,აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსება, რამაც ხელი შეუწყო საქმიანობის დაწყებაში.

,,ჩემი წარმატება მათი დამსახურებაა. ამ პროექტმა საშუალება მომცა მეყიდა ყველა საჭირო აღჭურვილობა. ეს ძალიან მჭირდებოდა ჩემს საქმიანობაში. ამჟამად დასაქმებული მყავს 3 ადამიანი. საჭირო მასალას კი ვყიდულობ თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ქსელში.

თვეში ერთხელ მივდივართ და მოგვაქვს ქსოვილები და აქსესუარები. მაქვს სხვადასხვა მაღაზიებთან ონლაინ კავშირი, რაც მიადვილებს მუშაობას. საქართველოს ფოსტის მეშვეობით ვაწვდი მომხმარებელს დამზადებულ შეკვეთას, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ’’,- ამბობს რუსუდან უსუფაშვილი.

გარდა ამისა, დიზაინერი აცხადებს, რომ სხვადასხვა გამოფენებში იღებს მონაწილეობას, რაც როგორც თავად ამბობს, ყველა ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, მისი საშუალებით საზოგადოება ეცნობა სხვადასხვა სახის ნამუშევრებს.

რუსუდანი ასევე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს სამომავლო გეგმებზე და აცხადებს, რომ მისი სურვილია აწარმოოს მეტი და გაზარდოს დასაქმებულთა რიცხვი.

,,აქტიურად ვიღებ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას. ყველაზე დასამახსოვრებელი გამოფენა იყო ამერიკის საელჩოში, სადაც კელი დეგნანმა პირადად დაათვალიერა ჩემი ნამუშევრები. ამჟამად მაქვს აუცილებელი ინვენტარი, რაც საჭიროა ტრადიციული სამოსის დასამზადებლად, თუმცა კიდევ ვგეგმავ პროექტის დაწერას, რათა შევიძინო უფრო თანამედროვე დანადგარები. ეს საშუალებას მომცემს მეტი სამოსი ვაწარმოო და გავზარდო დასაქმებულთა რიცხვი. იმისთვის, რომ გაიზარდოს მოთხოვნა ჩემს სამოსზე, აუცილებელია მქონდეს საკუთარი ბრენდი, რასაც ვგეგმავ უახლოეს მომავალში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ უნდა გაიზარდოს ცნობადობა, მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს და ნახოს ჩვენი ნამუშევრები. ვგეგმავ დიდი გამოფენის მოწყობას, სადაც ჩემს 10 მანეკენს ეცმევა საუკეთესო და განსხვავებული სამოსი. ხოლო ზაფხულში ვაპირებ სამოსის ჩვენების გამართვას, სადაც უკვე მოდელები ჩაიცმევენ ეროვნულ სამოსს.’’