ახალი ამბები

საქართველოში რეგისტრირებული 980 212 კომპანიიდან 718 763 გაჩერებულია – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 980 212 ბიზნეს სუბიექტი არსებობს, საიდანაც აქტიური მხოლოდ 261 449 კომპანიაა.

მონაცემებში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, აქედან კი მხოლოდ 83 230-ია მოქმედი. 44 030 კომპანიაა დარეგისტრირებული დამმუშავებელ მრეწველობაში, საიდანაც აქტიური მხოლოდ 17 546-ია. მშენებლობის სექტორში 32 938-ია რეგისტრირებული, აქტიურია მხოლოდ 16 314.

როგორც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, ნიკა აბუთიძე აღნიშნავს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბიზნესმენების ნაწილი იმ რისკებისთვის მზად არ არის ხოლმე, რომელიც კონკრეტულ საქმიანობას თან ახლავს.

“ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყება მარტივია, შესაბამისად, ბიზნესმენები გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ, რაც შემდეგში ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. ამისთვის ბიზნესმენები სათანადოდ მომზადებულები არ არიან. პანდემიისა და უკრაინის ომის შემდეგ ბევრი კომპანია გაჩერდა. ზოგადად, არსებობს გადახდისუუნარობის შესახებ კანონი, რომლის მიხედვით, კომპანიებს შეუძლიათ, ბიზნესი გადაარჩინონ, თუმცა მათ ამის შესახებ არ იციან ან, როცა იგებენ, უკვე გვიანია” , –
აღნიშნა მან.

კერძო სექტორი არ გამორიცხავს, რომ გასულ წელს შეჩერებული კომპანიების წილში მიგრანტების ეფექტიც იყოს, თუმცა კერძო სექტორში ამბობენ, რომ პრობლემა მანამდეც არსებობდა, რასაც ხელი პანდემიამაც შეუწყო.