ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მოჭიდავე იყო, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში ის მეოცე საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა. ლევან თედიაშვილს მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ჯილდო.
,,გასულ წელს, ლევან თედიაშვილი, ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისათვის და დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლით და სეოკ-ის პრემიით, ლევანს განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი ეკავა ქართულ სპორტში. ის იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, დიდი ჩემპიონი, რომელსაც პატივს სცემდა და აფასებდა საჭიდაო სამყარო
მთელს მსოფლიოში. მან ჭიდაობის ქართულ სკოლას საყოველთაოდ გაუთქვა სახელი, ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები, არაერთგზის მოიპოვა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
ლევან თედიაშვილი დაიბადა 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში. თავისუფალი სტილით მოჭიდავე. XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ-თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ – სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი”,– აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.