საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში, კახეთში 20 933 პირია დასაქმებული- სააგენტო
2023 წლის ბოლოსთვის საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში 207 542 სოციალურად დაუცველი პირი იყო ჩართული.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ დეკემბრის მონაცემებით გასულ წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 72 334 -ით მეტი ადამიანი იყო ჩართული.
გასული წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი ადამიანი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამით სამეგრელო-ზემო სვანეთში დასაქმდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამით დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით რეგიონების რეიტინგი ასეთია:
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34 784 დასაქმებული;
იმერეთი – 32 760 დასაქმებული;
თბილისი – 27 433 დასაქმებული;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 27 358 დასაქმება;
კახეთი – 20 933 დასაქმებული;
ქვემო ქართლი – 19 064 დასაქმებული;
გურია – 12 163 დასაქმებული;
შიდა ქართლი – 10 308 დასაქმებული;
მცხეთა – მთიანეთი – 8 383 დასაქმებული;
სამცხე-ჯავახეთი – 7 471 დასაქმებული;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6 885 დასაქმებული;
უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის მიზნით, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტში მთავრობის მაშინდელი მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. სოციალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდეა. სამთავრობო პროგრამის წესების თანახმად, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ან კერძო სექტორში დასაქმების მიუხედავად, ასევე დასაქმების ფორმალიზების მიუხედავად, სოცდაუცველებს საარსებო შემწეობა გარანტირებულად 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
აღსანიშნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაზე 2022 წელს 39.8 მლნ ლარი იყო მიმართული, 2023 წელს კი 97 მლნ ლარი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს პროგრამაზე ბიუჯეტიდან 103 მლნ ლარი დაიხარჯება.