ყველა სტიქიურ მოვლენაზე, საფრთხის რუკები გვექნება -ოთარ შამუგია
წლის პირველ ნახევარში ყველა სტიქიურ მოვლენაზე, ყველა მდინარის აუზის მიხედვით, საფრთხის რუკები გვექნება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰიდროლოგიური საფრთხეების მონიტორინგის მიზნით უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი კომპონენტი განხორციელდა, დაახლოებით 150 ჰიდრო და მეტეოროლოგიური მონიტორინგის სადგური შევიძინეთ და დამონტაჟდა. ამასთან, ორი უახლესი თანამედროვე რადარი იქნა შეძენილი, რომელთა საშუალებითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ინფორმაცია ამინდის პროგნოზზე.
ჩვენ დავიწყეთ ნულიდან, ქვეყანაში ერთი თანამედროვე რადარიც არ გვქონდა, რომელიც ამინდის პროგნოზზე ინფორმაციას მოგვაწვდიდა, სწორედ 2018 წლიდან ამ სისტემების მონტაჟი აქტიურად დავიწყეთ, თუმცა გაცილებით მეტი საჭიროება დგას და ჩვენ ამას ვხედავთ. ჩემი გამოსვლის დროსაც ვთქვი, წელს რას ვგეგმავთ დამატებით. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ მონიტორინგის სადგურებს, შევაფასებთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, აუცილებელია ამ ნაწილში მათი ჩართულობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ყველა თანამედროვე მიდგომა და ტექნოლოგია გამოვიყენოთ, რაც არსებობს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, რათა შევაფასოთ მყინვარული ხეობები, გვქონდეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნეს დაგეგმილი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, საქართველომ ერთი მეტეოროლოგიური რადარი 2022 წელს შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია VAISALA.