“ინფრასტრუქტურული პროექტებით განახევრდება კახეთისკენ გადაადგილების დრო” – ირაკლი ქარსელაძე
2024 წელს რეაბილიტირდება არანაკლებ 400 კმ-ზე მეტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.
„გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებით. 2024 წელს დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იან და ბაკურციხე – წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთები. ასევე, გაგრძელდება 2023 წელს დაწყებული საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება 2025 წელს იგეგმება. 2024 წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა და ჯამში, 2024 წელს მოძრაობა გაიხსნება აღმოსავლეთ-დასავლეთისა და კახეთის მაგისტრალის 90 კმ მაგისტრალურ გზაზე. შესაბამისად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას უკვე, დაახლოებით, 3 – 3.5 საათი დასჭირდება და თითქმის განახევრდება კახეთის მიმართულებით გადაადგილების დროც“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2024 წელს, ასევე, დასრულდება გომბორის 33 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაიწყება ომალოს მიმართულებით მიმდინარე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტების ეტაპობრივი დასრულდება. საერთო ჯამში, კი 2024 წელს რეაბილიტირდება არანაკლებ 400 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.