რა უნდა იცოდეთ წითელას შესახებ- ექიმის რჩევები
ბოლო დროს საქართველოში წითელას შემთხვევები გახშირდა. ის მწვავე ვირუსული დაავადებაა და სწრაფად ვრცელდება.
წითელას ვირუსი ვრცელდება ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით; წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.
ექიმი შოთა რაინაული აცხადებს, რომ უპირველესი და მთავარი წითელას შემთხვევაში არის ვაქცინაცია, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეუძლია ადამიანს გაიკეთოს.
“წითელა არის ძალიან მცირე ზომის ვირუსი, იგი იმდენად აქტიურია, რომ გადამდებლობა არის თითქმის 90-95%. მისი მაღალი მაჩვენებელი გავრცელების მხრივ ძირითადად ბავშვებში ფიქსირდება, რადგან მათ აქვთ სუსტი იმუნიტეტი. ამ დრომდე არსებობს ბევრი მითი, თუნდაც ის, რომ ყველა სახად ინფექციას, ,,ბატონებს” ეძახდნენ. სახადი ნიშნავს, რომ ძირითადად მხოლოდ ერთხელ ხვდება ადამიანს მისი ცხოვრების განმავლობაში.
ამ ვირუსის შესახებ არსებობს მითები, თუნდაც წითელი ფერის ტანსაცმლის ჩაცმის, მხოლოდ წითელი საკვების მიღების, წყნარი მუსიკის მოსმენის, რაც არის სრული აფსურდი. ვირუსული ინფექციის ეტაპი, როგორც წესი 10-12 დღე გრძელდება, ამის შემდეგ კი იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას ვირუსთან.
აღსანიშნავია, რომ წითელა საკმაოდ აგრესიული ვირუსული ინფექციაა, მას აქვს სხვა და სხვა სახის გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება, ორგანოების დაზიანება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არის თვითგანკურნებადი. ჩემი რჩევა იქნება, როდესაც გართულებული არ არის წითელა, ორგანიზმს მივცეთ საშუალება რომ კარგად ებრძოლოს ამ დაავადებას, იყავით მოსვენებულ მდგომარეობაში, მიიღეთ მეტი სითხე, ენერგეტიკული საკვები. გართულების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. აუცილებელია, კონტროლდებოდეს ტემპერატურა და გაიკეთეთ ვაქცინა“,- -განაცხადა შოთა რაინაულმა.