რა მდგომარეობაა გომბორის ქედზე და არის თუ არა სტიქიის განვითარების საფრთხე
გახშირებული სტიქიების ფონზე, ტყეების მდგრადი და კომპლექსური მართვის აუცილებლობა სულ უფრო აქტუალური ხდება. გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტყეების უმეტესი ნაწილი გაჩეხილი, ნაწილი კი ეროზირებულია.
მათი თქმით, ყოველ წელს ბუნებრივი კატასტროფების შემცირების და გარემოს დაცვის კუთხით დიდი რაოდენობით თანხა იხარჯება, თუმცა პრობლემა არ გვარდება, რადგან მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები უკვე არსებული პრობლემის მოგვარებაზეა მიმართული და არ ხდება სტიქიებთან ან არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან კომპლექსური ბრძოლა.
რა მდგომარეობაშია კახეთის ტყეები, რა სტიქიების განვითარების საფრთხე არსებობს და როგორ უნდა მოხდეს რისკების შემცირება, ამ საკითხზე knews.ge-მ ინტერვიუ CENN-ის დირექტორის მოადგილესთან, რეზო გეთიაშვილთან, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.
-რა მდგომარეობაშია კახეთში ტყეები?
-ტყეებში, ის ხეები, რომლებიც 30 წლის წინ იყო, დღეს აღარ არის. მეორე პრობლემა, რომელიც ტყის აღრიცხვამ აჩვენა, არის მიმდინარე ეროზიები, რომელიც 28%-ს შეადგენს. ეს არის ძალიან მძიმე მაჩვენებელი, იმიტომ რომ როდესაც ხდება ტყეების გაჩეხვა, შემდეგ რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცით. სამწუხაროდ, გაჩეხილი ტყეების ადგილზე უკვე გვხვდება ბარდები, ჯაგნარი, ისეთი სიტუაციაა, რომ ბევრ ადგილას ტყე ვეღარ განვითარდება. ასევე, ბევრგან უკვე გვხვდება ეროზიები იმიტომ, რომ აქ განვითარდა მეორადი პროცესები, რომელიც გეოლოგიას და ჰიდროგეოლოგიას ეხება. მოიშალა ასევე ჰიდროლოგიური პროცესები და ჩვენ მივედით უკვე არამხოლოდ იმ შედეგებამდე, რომ ტყეები უკვე შეუქცევად დეგრადაციას განიცდის.
ნიადაგის გარეშე შეუძლებელია ტყეების აღდგენა. ვიცით, რომ ტყეების მთავარი ფუნქცია ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციაა და ეს მთლიანად მოშლილია. ნებისმიერ გაწვიმებაზე ხდება ნიადაგების რეცვა. მაგალითად, კახეთშიც რთული მდომარეობაა. ერთ წელიწადს ალაზანიც კი დაშრა და მისი ის მსხვილი შენაკადებიც, რომელიც არასოდეს დამშრალადაშრა. ამ დროს კი, გაზაფხულობით და შემოდგომობით, ჩვენ გვაქვს სერიოზული წყალმოვარდნები. კახეთშიც ვნახეთ ბოლო პერიოდში სერიოზული წყალმოვარდნები. ეს დიდი წვიმის შედეგი კი არა, იმის შედეგია, რომ მდინარეების აუზში ბუნებრივი ბალანსი აღარ არის.
-როგორც თქვენ ამბობთ, კახეთში ტყეების მდგომარეობა მძიმეა, რა მდგომარეობაა ცივ-გომბორის ქედზე და ხომ არ არსებობს სტიქიის განვითარების საფრთხე?
-ცივგომბორზე თუ ვისაუბრებთ, აქ არის ძალიან მგრძნობიარე გეოლოგია და მისი ქანები ადვილად შლადია. ეს არის ერთგვარი ქვიშა-ხერშით სავსე ტომრები, რომელსაც ამ ტყეებმა გადააკრა ბუნებრივი საბურველი, შეინახა და გააჩინა აქ საცხოვრებლად უსაფრთხო გარემო. სწორედ მერე გაჩნდა აქ სოფლები. როგორც კი ჩვენ ამ ტყეებს გავჩეხავთ და ეს საფარი გაქრება, წამოვა ბუნებრივი კატასტროფები და სტიქიები, რომლებსაც უკვე ვერაფერი ვეღარ შეაჩერებს. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ტყეების მართვა, ბუნებრივი კატასტროფების მართვასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და სახელმწიფო ბუნებრივი კატასტროფების მართვაში ძალიან დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა ეს კოორდინაცია არ ხდება და თანხა იხარჯება სოფლებში, სკოლებთან მაგალითად, ჯებირების აშენებაზე, მაგრამ საიდან მოდის ეს და რა ფაქტორიც იწვევს, არავინ კითხულობს. თუ გამომწვევ მიზეზებს ვტოვებთ ხელშეუხებელს და რამდენი ფულიც არ უნდა დაიხარჯოს, სიტუაცია არ შეიცვლება. ზეწოლა კი ტყეებზე გრძელდება და დინამიკა არის ძალიან ცუდი.
გასულ წლებში ჩვენ ძალიან მწარე გაკვეთილები გვაქვს, მათ შორის თელავშიც, სადაც რამდენიმე ათეული წლის წინ ღვარცოფმა დაფარა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. გავიხსენოთ რა მოხდა თბილისში. ამას კლიმატის ცვლლილება უფრო გაამწვავებს.
ჩვენ კახეთის მუნიციპალიტეტში შევისწავლეთ და ჩავატარეთ კვლევები სხვადახვა აუზებზე. ეს იყო სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა. ვიმუშავეთ თელავში, ახმეტაში, საგარეჯოში, გურჯაანში და რაც დავინახეთ, განსაკუთრებით ცივგომბორზე, მართლა არის უმძიმესი მდგომარეობა. ფაქტობრივად მომზადებულია ეს ხეობები, რომ მოხდეს სტიქიები და კიდევ, რაც დაგვანახა ამან არის ის, რომ ჩვენ არ ვებრძვით მიზეზებს იმისთვის რომ განხორციელდეს პრევენცია. აუცილებელია შეფასება აუზის მდგომარეობის და ყველა იმ ფაქტორის გამოვლენა, რომელიც იწვევს სტიქიებს. უნდა მომზადდეს პროექტი, რომ შემცირდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მხოლოდ ვუყურებთ იმ ადგილს, სადაც სტიქია მოხდა და არ ავდივართ ცოტა ზემოთ, რომ ვნახოთ რა იწვევს ამას.