ირაკლი კობახიძე – ევროკავშირს დასამტკიცებელი აქვს, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას
ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელი, ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება – მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ აქ გადის გარკვეული ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირისკენ მშვიდობით სვლა და ასევე, დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები.
„ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!” ესაა ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაურიც. ჩვენი მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება, ღირსებით საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, მათ შორის, ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება და ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ღირსება არის უპირველესი და ღირსება არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ამოცანაა, როგორც ეს ჩვენი სლოგანიდანაც იკითხება, არის სვლა ევროკავშირისკენ. ეს იქნება რთული გზა. ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელი. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირს აქვს თავისი პირობები. ეს ჩვენ თავიდან ბოლომდე უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია, მზად ვართ დავიცვათ და გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ აქ გადის გარკვეული ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება.
ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ის, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს ის, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ. როდესაც საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, აქაც მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ტრადიციული ფასეულობები. ამიტომ აქაც, ევროკავშირს აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან და როდესაც საუბარია კეთილდღეობით ევროკავშირისკენ სვლაზე – მინდა, შეგახსენოთ, რომ კონკრეტული ადამიანები არასწორი მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების აზრის წარმართვას. ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღო კეთილდღეობა. სინამდვილეში, ეს სიცრუეა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. აქაც უნდა გვაჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ამაზე კონკრეტული მიზეზების გამო ვსაუბრობ. თქვენ რამდენიმე თვის წინ იხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ისინი ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ნიშნავს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. უნდა დავინახოთ მომავალში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და რომ ევროკავშირის ბიუროკრატების, პოლიტიკოსების მიზანია, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად, ქვეყანას ჰქონდეს მუდმივი წინსვლა, მშვიდობა და ქვეყანამ ღირსებით იაროს ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ევროკავშირთან დასამტკიცებელი, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის.
დასასრულს, შეჯამების სახით, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ვიქნებით აბსოლუტურად პირნათელი, პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება, ევროკავშირში გაწევრიანება. თანმიმდევრულად ვივლით წინ, ვივლით წინ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ!“, – განაცხადა კობახიძემ.