ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ენერგოომბუდსმენი – ვიდრე მოსახლეობა გამათბობლების გამოყენებას დაიწყებს, გამართულობა უნდა შემოწმდეს

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატი კახეთის რეგიონში, მეცხრე წელია ფუნქციონირებს. უწყება წარმოადგენს შუამავალ რგოლს მომხმარებელსა და ენერგოკომპანიებს შორის არსებული დავების განხილვაში.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატის კახეთის ბიუროს წარმომადგენლის, სოფია აივაზაშვილის განცხადებით, სამსახური უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მიმართულებით. მისი თქმით, ამ სამ ძირითად საკითხზე ყველა მოქალაქეს შეუძლია რაც აწუხებს იმ პრობლემით მიმართოს უწყებას და მიიღოს საჭირო დახმარება.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება სახლში დამონტაჟებული გამათბობლებისა და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის საკითხი. არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლები, ისევ პრობლემად რჩება.
,,უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან არ გავა ზამთარი რომ ინცინდენტი არ მოხდეს. ცივი სეზონის დადგომისთანავე, მოქალაქებმა უნდა შეამოწმონ გამათბობლები სანამ ჩართავენ. მოქალაქის ვალდებულებაა, რომ სახლში, შიდა ქსელი, გაყვანილობა ქონდეს გამართული. კატეგორიულად აკრძალულია შიდა წვის ძრავზე მომუშავე გაზის დანადგარები, ე.წ. ცალკამერიანი გამათბობლები, რომელიც დამონტაჟებულია დახურულ სივრცეში. ეს ექვემდებარება დალუქვას კომპანიის მიერ. კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ შეამოწმოს შიდა ქსელი. ჩვენ ვინც მოგვმართავს, შეგვიძლია დახმარება და გადამისამართება“.
ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, უწყებისთვის მოქალაქეების ხმის მიწვდენა მარტივად არის შესაძლებელი. მისივე თქმით, ძირითადი მომართვიანობა ეხება კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, კომპანიების, ხანდაზმულ დავალიანებებს.
,,განცხადება უნდა შეიცავდეს მისამართს, სახელს, გვარს, პირად ინფორმაციას და თუ რა საკითხი აქვს მოსაგვარებელი მოქალაქეს. მოწოდება შეუძლიათ როგორც მეილზე, კარგი ხარისხის ფოტოს ატვირთვით, ასევე მესინჯერის საშუალებით. ჩვენი სამსახური სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება მოსახლეობას“.
ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ისინი ხვდებიან ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს და აწვდიან ინფორმაცის თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს მოქალაქე უწყებას.
,,სოფლებში ვატარებთ გასვლით შეხვედრებს, საზოგადოებას ვაცნობთ ინფორმაციას როგორ მოგვმართონ და რა საკითხებზე. შეხვედრებს ესწრებიან ადმინასტრაციის ერთეულის თანამშრომლები, რადგან სოფელში მცხოვრები მოქალაქისთვის პირველი რგოლი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელია ვისაც გარკვეული საკითხების მოგვარების შესახებ აკითხავენ. მოქალაქის ცნობიერება წინა წლებთან შედარებით ამაღლებულია. კომპანიები ვალდებულები არიან მოგვაწოდონ სერვისები ხარისხიანად. ამიტომ, მინდა მოალაქეებს ვუთხრა რომ ბუნებრივ აირთან, ელექტროენერგიასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაუყოვნებლოვ მოგვმართონ.“