„საქსტატი“ მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის მიზნით, მოქალაქეების წახალისებას გეგმავს
„საქსტატი“ საყოველთაო აღწერას წელს პირველად, ელექტრონული კითხვარის გამოყენებით ჩაატარებს – აღწერაში მონაწილეობისთვის მოსახლეობის წახალისება იგეგმება.
აღნიშნულ სიახლეებზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც თოდრაძე აცხადებს, „საქსტატი“ ელექტრონულ კითხვარს მოამზადებს, რომლის შევსებაც მოსახლეობას თვით რეგისტრაციის მეთოდით შეეძლება.
„2024 წლის საყოველთაო აღწერა წინა აღწერისგან იმით განსხვავდება, რომ მონაცემების შეგროვებას აბსოლუტურად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვგეგმავთ. უარს ვამბობთ ქაღალდის კითხვარის გამოყენებაზე. აღწერა ჩატარდება 15 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში. პირველი 10 დღის განმავლობაში მონაცემები შეგროვდება თვით რეგისტრაციის მეთოდით. ჩვენს ვებ-პლატფორმაზე სპეციალური ბმული დაიდება. მომზადდება სპეციალური ელექტრონული კითხვარი, შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, შევიდეს ამ ბმულზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია. ეს არის თვით რეგისტრაციის მეთოდი, რასაც ე.წ. კომპიუტერიზებული მეთოდი მოჰყვება ანუ პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდი. მოქალაქეს, რომელიც თვით რეგისტრაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, ჩვენი თანამშრომელი, ინტერვიუერი მიაკითხავს და პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით აიღებს ინტერვიუს“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებების დაწესებას, თოდრაძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა განიხილება წახალისების რამდენიმე ვარიანტი, რათა მოქალაქეებს აღწერაში თვით რეგისტრაციის მეთოდით მონაწილეობის მიღების მოტივაცია ჰქონდეთ.
„აღწერაში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა და ეს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონით რეგულირდება. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეიძლება არ ჰქონდეს და ეს დამატებით ძალისხმევას საჭიროებს ჩვენი მხრიდან. სწორი პიარ-კამპანიაა საჭირო, რათა მოსახლეობის ინფორმაცია მივაწოდოთ მათი უფლებების, ვალდებულებისა და აღწერაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.
[წამახალისებელი ღონისძიებები] ჯერ არ გადაგვწყვეტია, თუმცა ეს მიმართულება დასახვეწია. ორი მეთოდია – თვით რეგისტრაციის და KAP მეთოდი. ანუ პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით მონაცემთა შეგროვების მეთოდი. რა უნდა იყოს მოტივაცია მოქალაქისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს თვით რეგისტრაციის მეთოდის გამოყენებაში – მოტივაციის მექანიზმებზე დღესაც ვმუშაობთ და ვფიქრობთ, უახლოესი თვეების განმავლობაში გარკვეული შედეგები გვექნება. არის ასეთი გამოცდილება – ზოგიერთ ქვეყანას ჰქონდა სხვადასხვა სახის გათამაშება, სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემდნენ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ მეთოდის გამოყენებით მონაცემთა შეგროვებაში. არის პრაქტიკაც, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ე.წ. დეი ოფით უზრუნველყო საჯარო მოხელეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თვით რეგისტრაციაში. შეიძლება განვიხილოთ რომელიმე მათგანი ან რამდენიმე მათგანი და ვნახოთ, რისი შესაძლებლობა გვექნება. შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მეთოდი გამოვიყენოთ, რათა ამ თვალსაზრისით მოქალაქეებში მოტივაცია და ინტერესი გავზარდოთ“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.