წინანდალში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მედია ცენტრი კახეთი MCK-ის ორგანიზებით, თელავში, წინანდალში, გაიმართა სკოლა-ბიზნესის ფორუმი კახეთის რეგიონის მასშტაბით.
ფორუმზე მოწვეული კერძო სექტორის წარმომადგენლები, გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს აქტუალური სამოქალაქო, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას.
200-ზე მეტ სტუმარს, ახალგაზრდებსა და სასკოლო საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში.
სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს აღუთქვეს მხარდაჭერა და შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობებიც.
ფორუმზე გაჩნდა თანამშრომლობის პირველი პრეცედენტები: ბიზნესმენებმა მიხეილ გულიაშვილმა და სანდრო ჭუაძემ, რომლებიც ელიტ ბილდინგ კომპანისა და HBO-ს წარმოადგენენ, სამ სასკოლო პროექტს დაუჭირეს მხარი.
ბიზნესის რჩეული პირველ ჯერზე 3 საჯარო სკოლა: თელავის N4, N9 და აწყურის საჯარო სკოლების პროექტები გახდნენ. ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში სხვა პროექტების დაფინანსებასაც გეგმავენ.
სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა მედია ცენტრი კახეთი MCK.