დღეიდან ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი იქნება
საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
თავად პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება.
თავის მხრივ, პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს, რათა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდსა და პროგრამას ნდობა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება კი არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას გააჩნია. ამ კონტექსტში, როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გახდა საპატიო თავმჯდომარე, ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს.
ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს. ამასთან, მისივე განცხადებით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ასევე დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე განიხილება