შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველი – საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გასაღები თბილისშია
თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ იღბალი სხვაგანაც სცადონ, – ამის შესახებ შვედეთის ეროვნული უშიშროების მრჩეველმა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება დიდად არაფერს ცვლის, თუმცა რუსეთი შეეცდება ნატო-ს ერთიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.
„რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა შვედეთს და ფინეთს, როგორც ნახევრად მოკავშირეებს და ღიად მტრული განწყობა არ ჰქონდა. ჩვენ არანაირად არ ვართ მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ. გრძელვადიან პერსპექტივაში – შესაძლოა არა ჩემს სიცოცხლეში – მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, იმედი მაქვს, რომ რუსეთი განვითარდება დემოკრატიული მიმართულებით. ამაზე 1990-იან წლებში დიდ იმედებს ვამყარებდით. რუსეთმა აჩვენა და შვედეთმა იწვნია მათი აგრესიის შედეგები. ჩვენ აღარ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთის კეთილგანწყობას და ჩვენი უსაფრთხოება სხვებთან ერთად უფრო ფართო კონტექსტში უნდა ვეძებოთ.
თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ვშიშობ, მათი მადა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და არ გამოვრიცხავთ, რომ მათ იღბალი სხვაგანაც სცადონ. თავდაპირველად, ალბათ, არა სამხედრო მეთოდებით, არამედ სხვა ყველაფრის იარაღად გამოყენებით, რაც რუსული პოლიტიკის მახასიათებელია. ისინი ასევე შეეცდებიან ნატო-ს ერთიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ამას ვერ გამოვრიცხავთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა მოვემზადოთ. ჩვენ უნდა შევიარაღდეთ და მზად ვიყოთ ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ სრულიად შესაძლო მოვლენებისთვის. ეს აქტუალური დისკუსია არის შვედეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ოპონენტი ამბობს, რომ ჩვენ განგაში ავტეხეთ. მე ასე არ ვიტყოდი. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვემზადოთ მეტ-ნაკლებად ისე, როგორც ცივი ომის დროს ვიყავით მომზადებული, როცა არაფერს გამოვრიცხავდით. ჩვენ უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები ვართ. ჩვენი მოსახლეობა უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიდწილად სამხედრო მხარდაჭერისთვის, უკრაინას 3 მილიარდი ევროს დახმარება აღმოვუჩინეთ/გავუწიეთ. თუ უკრაინა წააგებს ამ ომს, ეს დამღუპველი იქნება არა მხოლოდ ზოგადად ევროპისთვის, არამედ ასევე კონკრეტულად შვედეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ეს რუსეთს ჩვენს საქმეებში ჩარევისა და ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების დაყოფის მცდელობის სურვილს გაუმძაფრებს. ასე რომ, სისუსტე რუსეთისთვის მოსაწვევია“, – განაცხადა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა.
რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას, მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გასაღები, უმეტესწილად, ბრიუსელში არ არის, ეს გასაღები თბილისშია.
„ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გახსნა აბსოლუტურად აუცილებელი იყო. საბოლოო მიზნის მისაღწევად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართველების იმედისთვის ახალი ძალის მისაცემად, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც საქართველოა, ქვეყნისთვის არის სხვა შესაძლებლობებიც გარდა იმ მცდარი აზრისა, რომ საქართველოს მომავალი რუსეთთან ახლო თანამშრომლობაა. ევროკავშირის მხრიდან ეს იყო როგორც პოლიტიკურად, ისე რეალურად აუცილებელი ნაბიჯი. ორივე გაერთიანებაში წევრობასთან დაკავშირებით, თბილისის გადასაწყვეტია საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან ბევრ პირობაზეა დაფუძნებული და საქართველოს მხრიდან ამ ძალისხმევაში წარმატების მიღწევა, უდიდესი წილით, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საბოლოო მიზნის მისაღწევად, ქვეყანამ ეს პროცესი წარმატებით უნდა გაიაროს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ძალიან არასასიამოვნო იყოს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის დაწინაურებას კი ვერ ვხედავ, სანამ უკრაინის საკითხი არ გადაწყდება“,- განაცხადა ჰენრიკ ლანდერჰოლმმა.