ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი საქართველოს მასშტაბით უნდა დაიწყოს
ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი, ამ ეტაპზე, 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ხორციელდება.
კანონი 2023 წელს ამოქმედდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლისთვის 100 ეკიპაჟია საჭირო, დღეს მხოლოდ 10 მუშაობს.
,,ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული ეკიპაჟების რაოდენობის 6-ით გაზრდა იგეგმება. პროცესებში საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა და კონტროლი თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით დაწყება აუცილებელია”, – ამბობს მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” თავმჯდომარე გიორგი ჯაფარიძე.
მისივე თქმით, მოძრაობის მოთხოვნა იყო რომ კანონი საპატრულო პოლიციას აღესრულებინა, თუმცა საბოლოოდ მისი აღსრულება გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს დაეკისრა.
,,პირველადი იდეა იყო, რომ საპატრულო პოლიციას, რომელიც ვიზუალურად დაინახავდა ხილულ გამონაბოლქვს ავტომობილის გაჩერება და დაჯარიმება შეძლებოდა, რადგან ასეთი კანონები რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს. დღეს არსებულ მდგომარეობას რაც შეეხება, ამას პირველ ეტაპზე მინიმუმ 100-მდე ეკიპაჟი სჭირდება, რომ სრულფასოვანი შედეგი მოგვცეს. კანონი პირველ რიგში სატესტო იყო და ამის დახვეწა უნდა მოხდეს. ჩვენ დავაინიცირებთ იმასაც, რომ კანონი მთელ საქართველოში გავრცელდეს და არა მხოლოდ 4 ქალაქში”.
სპეციალური აპარატის მეშვეობით მოწმდება ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის გამონაბოლქვსაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საეჭვოდ მიიჩნევენ. თუ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების დონე დაშვებულ ზღვარს გადააჭარბებს, მანქანის მფლობელი დაჯარიმდება. 15 დღის ვადაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა სამმაგდება.
სტანდარტის მიხედვით, გამონაბოლქვში CO-ს დონე 0,55 მეასედ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. 2025 წლიდან ჯარიმები დაწესდება კატალიზატორის გარეშე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზეც. რეგულაციის მიზანი ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირებაა, რისი ძირითადი მიზეზიც გაუმართავი ავტომობილებია.