სამოქალაქო სექტორი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელ სამთავრობო გეგმას აკრიტიკებს
არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმას საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ. საუბარია რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობასთან ერთად მიიღო.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, დოკუმენტის დამტკიცება პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა პროცესი მათი ჩართულობის გარეშე წარმიმართა, ხოლო საკუთრივ გეგმის შინაარსი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტება. სამოქალაქო სექტორის თქმით, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მათი და ოპოზიციის ჩართულობაც არ იყო უზრუნველყოფილი. მათივე თქმით, სამოქალაქო სექტორის ჩართვა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
,,ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებლად მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმას. მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმის დამტკიცება დადებითი ნაბიჯია და ამან ხელი უნდა შეუწყოს მთავრობის მეტ ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას, თუმცა სამწუხაროა, რომ წარმოდგენილი გეგმა არ შემუშავდა სათანადო ჩართულობით, ხოლო მისი შინაარსი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტებას”.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზეც, რომ სამოქმედო გეგმა მხოლოდ 2023 წლის 25 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ იმავე წლის 27 ნოემბერს იყო დამტკიცებული ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ.
,,2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკომისიამ ქვეყანას განუსაზღვრა 9 პრიორიტეტული ნაბიჯი რეფორმებისთვის, რომლის შესრულების შემდეგაც გაიხსნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტული ნაბიჯის შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც მხოლოდ 25 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ 27 ნოემბერს იყო დამტკიცებული ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც უნდა გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამუშაო პროცესების მიმართ. სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმის შემუშავების და დამტკიცების პროცესში მინიმალურადაც არ ყოფილან ჩართულები სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მართალია, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნებამდე გადაეგზავნა ევროკომისიას, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ტიპის კომუნიკაცია/უკუკავშირი იყო ევროკომისიის მხრიდან და გაითვალისწინა თუ არა კომისიის რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართულმა მხარემ. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მთავრობამ ევროკომისიას უკვე დამტკიცებული დოკუმენტი გაუგზავნა”.
სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლებმა ასევე ყურადღებას ამახვილებენ პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ნაკლებობაზე, და აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი უგულებელყოფს არსებით ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის, რითაც ამცირებს პარლამენტის როლს.
არასამთავრობ ორგანიზაციები აკრიტიკებენ დოკუმენტის ფართო და ზოგად ხასიათს. მათი შეფასებით, გეგმა არ შეიცავს არსებულ თუ სამიზნე ინდიკატორებს და შინაარსობრივად სრულყოფილად არ ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მისი პოლიტიკა/მიდგომები ეფუძნებოდეს თანამონაწილეობას, დიალოგსა და ღიაობას. ამავდროულად, სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, აღიაროს ცალკეული მიმართულებებით არსებული გამოწვევები/პრობლემები და გადადგას რეალური ნაბიჯები მათზე საპასუხოდ ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.