ახალი ამბები

არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი – პაატა იმნაძე

ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის, ის ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, თუ მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს მკურნალობაში ექიმი უნდა ჩაერიოს.

„როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები პრაქტიკულად არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება.

სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწევს.

საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს“,- აღნიშნა იმნაძემ.