დავით მესხიშვილი-საბურავებთან დაკავშირებული კანონი მოუმზადებელია
„ცვლილება, რომელიც მილიონზე მეტ მძღოლს შეეხო, არის მოუმზადებელი – დააჯარიმო მძღოლები, მაშინ როცა პროექტი არ გაქვს სრულყოფილი, არასწორია,“ – ამის შესახებ “გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელმა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„საბურავებთან დაკავშირებულ საკითხს რაც შეეხება, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რატომ არ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ექსპერტებს.
ცვლილება, რომელიც გამოვიდა და მილიონზე მეტ მძღოლს შეეხო, არის მოუმზადებელი, მოუფიქრებელი, სამწუხაროდ, კომპეტენციის ნაკლებობა იგრძნობა. მხოლოდ ის ჩაწერო, რომ საბურავზე ფიფქი იყოს, არ არის საკმარისი.
თვითონ იდეას, რომ ზამთარში ავტომობილებმა შესაბამისი ზამთრის საბურავებით უნდა იმოძრაოს, ვინ ეწინააღმდეგება, მაგრამ იმ ფორმით რა ფორმითაც ის გავრცელდა, არის მოუფიქრებელი და არასწორია, დააჯარიმო მძღოლები, მაშინ როცა პროექტი არ გაქვს სრულყოფილი. დაახლოებით სამოყვარულო დონეზე შექმნილი პროექტია,“- აღნიშნა მესხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.
მთავრობამ უკვე დაამტკიცა და გამოაქვეყნა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.
რომელ ზონებში იქნება სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება კახეთში, ნახეთ ვრცელი ინფორმაცია ლინკზე:
რომელ ზონებში იქნება სავალდებულო ზამთრის საბურავების გამოყენება კახეთში