ნიკოლოზ ბენიაიძე- ფერმერებს ხორბლის დარჩენილი მარაგები ჯერ არ ჩაუბარებიათ
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიაიძეს თქმით, მარცვლეულის მწარმოებლებს ხორბლის დარჩენილი მარაგები ჯერ არ ჩაუბარებიათ.
მისი განმარტებით, დღეისთვის, ბაზარზე 70 000 ტონა ხორბალია, რომელიც ფერმერებს ჯერ არ ჩაუბარებიათ, მიზეზი დაბალი ფასია. ბენიაიძე განმარტავს, რომ აღნიშნული პრობლემის გამო ფერმერთა დიდმა ნაწილმა ხორბალი აღარ დათესა.
შეგახსენებთ, კახეთში მცხოვრებმა მემარცვლე ფერმერებმა დახმარების მოთხოვნით რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს და შესაბამის სამსახურებს პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
აქციების შემდეგ მთავრობამ ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად, მათთან კოორდინაციის შედეგად, 2023 წლის ნოემბერში რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. ფქვილის საიმპორტო გადასახადის ზრდა და ვადის გახანგრძლივება მარტამდე, ქერსა და ქატოზე 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადის დაწესება – ეს გადაწყვეტილებებია, რომლებიც მთავრობამ მიიღო.
აღნიშნული მხარდაჭერის საფუძველი მარცვლეულის ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი რთული ვითარება იყო – მეხორბლე ფერმერებს ძველი ხორბალი ჩაუბარებელი რჩებოდათ, ხოლო წისქვილკომბინატები ხორბლის ჩაბარებას ვერ ახერხებდნენ, რადგან წარმოებისთვის მათ ქართულთან ერთად იმპორტირებული ხორბალი (ძირითადად რუსული) ესაჭიროებოდათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, გასული წლის პირველ ნახევრამდე საქართველოში ხორბლის იმპორტი შემცირებული იყო, რადგან მთავარ საიმპორტო ქვეყანაში ხორბალზე საექსპორტო ბაჟი დააწესეს, რომელიც რუსულ ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტს ბიზნესისთვის არარენტაბელურს ხდიდა.
რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე მთელი ამ ხნის განმავლობაში ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა. ამ ვითარებიდან გამომდინარე ხორბლის და ფქვილის მწარმოებლები სახელმწიფოს მხრიდან რუსეთიდან ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადის დაწესებას ითხოვდნენ, რაც მთავრობამ რამდენიმეთვიანი კომუნიკაციის შემდეგ თავდაპირველად ივნისში ხორბლის იმპორტის გადასახადით დააკმაყოფილა, ნოემბერში კი გადასახადი ქერსა და ქატოზეც გაავრცელა.