200,000-მდე მსესხებელს კრედიტზე განაკვეთი შეუმცირდება – საზოგადოება და ბანკები
დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პპ-ით 9.5%-მდე შეამცირა. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
2023 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186,416 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, შესაბამისად მათ სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდებათ.
“186,416 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 6.8 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.1 მლრდ. ლარის (42%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.1 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+34%, 1 ნოემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 10%-ით და 14%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდიში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 188,445 ლარს, იპოთეკურის 51,323 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 25,940 ლარს შეადგენს.
ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15%-ით გაიზარდა წ.წ. და 27 მლრდ. ლარს გადააჭარბა 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით. აღნიშნული, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2022 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 25%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს.
წლის დასაწყისიდან ინფლაციას მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ნოემბრის თვეში 0.1% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან. თუმცა, ვფიქრობთ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და არასაკმარისი სამომავლო რეცესიის საფრთხის გათვალისწინებით. ინფლაციის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალ წელსაც გაგრძელდება,”- ნათქვამია მიმოხილვაში.