ახალი ამბები

ვატო სურგულაძე – მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება სამეანო მომსახურების ხარისხს შეამცირებს

მშობიარობის დაფინანსების DRG მეთოდის შემოღება გამოიწვევს სამეანო მომსახურების ხარისხის შემცირებას, გართულებული შემთხვევების და ლეტალური შემთხვევების რაოდენობის ზრდას, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ქვეყნიდან გადინებას, სამშობიარო დაწესებულებების დახურვას, სამედიცინო პერსონალის შორის უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდას, ორსულებს შეეზღუდება ექიმის არჩევანის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აგრეთვე გაჩნდება „black/grey თანხები“, მეანის და სამეანო ბრიგადის დახმარების ჰონორარის არაფორმალური გადახდა მოხდება, „უკვე დაწყებულია“.

„სამშობიარო სახლების DRG სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია: მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 1221.92 ლარით.

დაფინანსების თანხა გაიზარდა, რადგან აქამდე 500 ლარით ფინანსდებოდა ფიზიოლოგიური მშობიარობა და 800-ით საკეისრო კვეთა. ეს დადებითი და პოზიტიური საკითხია სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამას თან მოჰყვა გარკვეული საკითხები, რაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას. მაგალითად, გაუქმდა პერსონალური ექიმის აყვანის საშუალება. ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს ან გაიკეთოს საკეისრო კვეთა მორიგე ბრიგადაში.

პერსონალური ექიმის აყვანის შემთხვევაში კი მშობიარე იხსნება DRG სისტემიდან, რაც ავტომატურად ნიშნავს: მშობიარობის სრული საფასურის თავად გადახდას (კლინიკაში შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, ფიზ. მშობიარობა და საკეისრო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე 1221 ლარია). პლუს ექიმის აყვანის თანხა და პლუს, თუ მოხდა და გართულდა შემთხვევა, სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირი ფინანსურ პასუხისმგებლობაზე (ამ თანხის გადახდაც მოუწევს პაციენტს). თუ მოხდა და კლინიკაში ამ ყველაფრის გვერდის ავლით ექიმმა გაბედა და აიღო ანაზღაურება (ჰონორარი, რაც ადრე იბეგრებოდა სახელმწიფოს მიერ 20 %ით), დგება ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამას გარდა, ექიმი ვალდებულია, ყოველწლიურად ფინანსურად უზრუნველყოს და მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლება, დააგროვოს ე.წ. კრედიტ ქულები. მრავალი სამშობიარო სახლი 1221.92 ლარიდან თეთრს არ უხდის ექიმს, მხოლოდ მორიგეობის თანხას (და მრავალი ხელმძღვანელი პირი უკვე მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, ხელზე თანხის აღებისკენ)!!!! აქ დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

ამ ყველაფერს, სრულიად მალე მოჰყვება მრავალი სამშობიარო სახლის დახურვა (შემდეგ პოსტში აუცილებლად ჩამოვთვლით ამ სამშობიარო სახლებს) და ეგრეთ წოდებული „დიდი ჯიბეების“ დაკერება თეთრ ხალათებზე.

როგორ გგონიათ, ექიმი, რომელიც მრავალი წელი სწავლობდა, შრომობდა, მორიგეობდა, გადიოდა სხვადასხვა სასწავლო კურსს, ვალდებულია არასამუშაო საათებში, უხელფასოდ მივიდეს სამშობიარო სახლში და ამშობიაროს პაციენტი ან გაუკეთოს საკეისრო კვეთა.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 1221,92ლარში კლინიკები ვალდებულია გადაუხადონ ექიმებს აყვანის თანხა. სამშობიაროების უმეტესობა ამბობენ, რომ 1221,92 ლარიდან რეალური ხარჯი არის 1100 ლარი… თუ რომელიმე სამშობიარო ჩადებს 120 (ხელზე ასაღები კიდევ უფრო შემცირდება თანხა) ლარს აყვანის თანხას, ექიმს უღირს 120 ლარად ღამის გათენება, საკეისროს გაკეთება ან მშობიარობის მიღება. თანაც თუ შემთხვევა გართულდა, ხშირად ხდება ისტორიის ფინანსური „გადახარჯვა“, ამ შემთხვევაში ექიმი აიღებს ჰონორარს?

პ.ს. შემდეგ პოსტში აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას, DRG -ის სისტემის მიხედვით, როგორ შეიცვალა ახალშობილთა რეანიმაციის დაფინანსება!“, – აღნიშნავს ვატო სურგულაძე, რომლის განცხადებასაც „ლელო“ ავრცელებს.