ახალი ამბები

კირქვის მოპოვებისათვის მოსაკრებელი ორმაგდება

კირქვის მოპოვებისათვის მოსაკრებელი ორმაგდება. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს კირქვის მოპოვებისთვის ნაცვლად 0,14 ლარისა, 0,28 ლარის გადახდა მოუწევთ.

„კირქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი რესურსია, რომლის საბაზრო ფასები მუდმივად მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს მოსაკრებლის შესაბამისობაში მოყვანა რესურსის საბაზრო ფასთან. განაკვეთი შემუშავებულია რესურსის საბაზრო ფასიდან გამომდინარე და იგი არ შეუქმნის ბარიერს მომპოვებელ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორების მონაცემებით, კირქვის მოპოვების სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. კირქვის მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა. სულ ქვეყანაში მოქმედებს 33 ასეთი საწარმო მოქმედებს.

ბოლო ხუთწლიანი მონაცემები კირქვის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით ასე გამოიყურება:

2018 წელს კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 663 235,23 ლარი;
2019 წელს კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 159 833,98 ლარი;
2020 წელს კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 488 811,03 ლარი;
2021 წელს კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 148 101,70 ლარი;
2022 წელს კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 1 716 381,45 ლარი.
2023 წლის 6 თვის მონაცემით, კირქვის მოსაკრებლის სახით გადახდილია 545 076,44 ლარი
თუკი პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა.