ახალი ამბები

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს

„ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22-22%-ის აზრით, ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები უსახლკარო ცხოველები და გზებია.

კვლევის მიხედვით, უსახლკარო ცხოველების პრობლემა განსაკუთრებით თბილისისა და პატარა ქალაქების მოსახლეობას აწუხებს.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს ქუჩის/უპატრონო ძაღლების პრობლემა აწუხებს, 27%-ს არ აწუხებს, 4% კი ამბობს, რომ მის უბანში უპატრონო/ქუჩის ძაღლები არ არიან.

რაც შეეხება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ყველაზე მწვავე ჰაერის დაბინძურებაა, 23%-ის აზრით, საკვების უსაფრთხოება, 18% კი ამბობს, რომ დანაგვიანება.

ცნობისთვის, კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.