NDI – „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო თანამშრომლობას ემხრობა
„ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა – ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შედარებით მაღალია,- ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევის თანახმადვე, უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ.
გარდა ამისა, ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
კვლევის შედეგებით, ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლის მერე, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, ევროკავშირი და აშშ ყველაზე სასურველი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორები არიან.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.