ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში წარმოებულმა ღვინომ ოქროს მედალი მიიღო

ღვინის საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა.

ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს, 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

გამარჯვებულთა შორის არიან ასევე კახელი მეღვინეები, რომლებიც როგორც ტრადიციული მეთოდით, ასევე ბიო ღვინოებს აწარმოებენ. ოქროს მედლის მფლობელი გახდა ასევე გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოქმედი კომპანიის ,,ექიმის ბიო-მარანის” მიერ წარმოებულმა ღვინომ.

როგორც knews.ge-ს ღვინის მწარმოებელმა მარინა კაკიაშვილმა–რუაძემ განუცხადა, ყოველწლიურ ფესტივალში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწია.

,,წელს ერთი სახეობის ღვინო მქონდა წარდგენილი კონკურსზე, ეს არის 2021 წლის ქვევრის რქაწითელი, რომელმაც მიიღო ოქროს მედალი. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა”,- აცხადებს მეღვინე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კომპანია სამი სახეობის ღვინის წარმოება ოჯახმა 2017 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავალი 2020 წელს მიიღეს და წელს ღვინის პირველი პარტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის.

,,ვენახი გავაშენთ 2017 წლიდან. ნაკვეთი მდებარეობს ფაფრის მინდვრებზე, მიკროზონაში. იმ წელსვე დავრგეთ საფერავის ჯიშის ნერგები. შემდეგ, გადავწყვიტეთ დაგვერგო რქაწითელისა და ხიხვის ნერგებიც. 2019 წელს რამდენიმე მტევანი იყო თითოეული ვაზის ძირზე. გავაცალეთ რათა ფესვები უფრო ღრმად წასულიყო და მეტი მინერალები შეეთვისებინა“, – აცხადებს Knews.ge-სთან ღვინისმწარმოებელი მარინა კაკიაშვილი–რუაძე.

ოჯახმა პირველი მოსავალი 2020 წელს მიიღო. მოსავალის დასაბინავებლად კი გადაწყვიტეს, მცირე ტიპის საოჯახო მარანი აეშენებინათ და ყურძენი ქვევრში ჩაეწურათ.

,,რადგან ნატურალური მეღვინეობის მიმდევრები ვართ, გადავწყვიტეთ მხოლოდ ბიო საშუალებებით შეგვეწამლა ვენახი და ცხენშებმული გუთნებით მოგვეხნა ისინი და დღემდე ამ მეთოდით ვმუშაობთ. არანაირ პესტიციდებს არ ვიყენებთ და ვხდებით ღვინის სხვადასხვა ასოციაციების წევრები“.

მარინას განცხადებით, სამივე სახეობის – რქაწითელის, საფერავის და ხიხვის ყურძნის წარმოების რაოდენობა 500 დან 1500 ბოთლამდეა. მარანი ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის ღვინის წარმოებაზე.