ახალი ამბები

კახეთში მოქმედმა რომელმა კომპანიებმა მიიღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსში უმაღლესი შეფასება

18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის, 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.

კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს, ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა.

„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ და განვათავსოთ მსოფლიო ღვინის რუკაზე,“ – ქართული ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე.

„ვიყავი წარმოდგენილი 4 პოზიციით. ავიღეთ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი კომპანიისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. 2 წელია, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება, სასიხარულოა, რომ ამ მოკლე დროში და ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის პირობებში შევძელით 4 მედლის მოპოვება. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი სტიმულია და უფრო მეტი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – აღნიშნავს ერთ-ერთი გამარჯვებული, მეღვინეობა „ბრიცას“ დამფუძნებელი გიორგი ჩივიაშვილი.

„4 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო – საკმაოდ დიდი წარმატებაა ჩვენთვის. წელს პირველად ვმონაწილეობდით კონკურსში და ასეთი წარმატება საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენს პროდუქტს ასეთი გამოცდილი ექსპერტები აფასებენ. ფერი, არომატი, ტექნოლოგია და ხარისხი – ეს ის ძირითადი კრიტერიუმები იყო, რასაც დეგუსტაციის დროს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა,“ – გვითხრა „მილდიანის“ დამფუძნებელმა ელდარ მილდიანმა.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

IWSC Wine Judging in Georgia-ს ოქროს მედალოსნები:

Mildiani Family Winery / საოჯახო მეღვინეობა მილდიანი
Askaneli · ასკანელი
ბადაგონი • Badagoni
Doctor’s Bio-cellar ექიმის ბიო-მარანი
კარდანახი 1888 • Kardanakhi 1888
Kartveli
Lionidzis Zvari / ლიონიძის ზვარი
Alazani – ალაზანი
ბრიცა
Kakheti Company • კახეთი კომპანი
საწნახელი • Satsnakheli
Uplistsikhe Estate • უფლისციხის მამული
Vardiashvili Family Wine • ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო
Vazisubani Estate • ვაზისუბნის მამული

ნახეთ სია სრულად :
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://iwsc-georgia.ge/wp-content/uploads/2023/12/IWSC-Georgia-Winners-2024.pdf