მიწის ამზომველების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება – კანონპროექტი
მიწის ამზომველებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ – იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ცვლილების მიხედვით, ფიზიკური პირს, რომელსაც არ ექნება გავლილი სპეციალური სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატი, ეკრძალება საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი სამუშაოების შესრულება. როგორც იურისტი ოთარ კაჭკაჭიშვილი “ბიზნეს ფორმულასთან” განმარტავს, ცვლილებას დადებითი ეფექტი ექნება.
“მოგეხსენებათ, მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ ნაწილში კი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს მიწის არასწორი აზომვები, რის გამოც დღემდე სასამართლოში ათასობით დავა მიმდინარეობს. პრაქტიკაში არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა თავის დროზე არასწორი აზომვითი სამუშაოების გამო, მიწა დარეგისტრირებულია ისეთ ადგილებშიც კი, როგორიცაა მთის მიუვალი ფერდობები, მოქალაქეებს მიწა კლდეზე და მდინარის კალაპოტშიც კი აქვთ დარეგისტრირებული. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია მეზობლის ტერიტორიის ნაწილზე, რის გამოც მხარეებს შორის იწყება დაუსრულებელი სასამართლო დავა. მეტიც, კანონით, ამგვარ არასწორად შესრულებული ნახაზებზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხაზველს, არამედ პირს, რომელმაც ეს სერვისი შეუკვეთა. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ცვლილება ამოქმედდება გამართულად, სავარაუდოდ, აღნიშნული პრობლემებიც მოგვარდება, თუმცა კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის 2004 წლის შემდეგ დღემდე არ განახლებულა მიწის სრულყოფილი ბალანსი. ამასთან, არ გვაქვს მიწის რესურსების მართვის დოკუმენტი, რომლის გარეშეც ვერასდროს გავიგებთ, რა ტიპის მიწები გვაქვს ქვეყანაში, რა არის სახელმწიფოს საკუთრებაში და რა კერძოში”,- აცხადებს ოთარ კაჭკაჭიშვილი.
თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, რეგულაცია სავარაუდოდ 2024 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. იქამდე კი ამზომველებს მიეცემათ გონივრული ვადა, გაიარონ სწავლება და აიღონ სერტიფიკატი. იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, იმ მოთხოვნების გამოქვეყნებასაც, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული კომპანია, რათა შემდგომ სწავლებისა და სერტიფიკატის გაცემის უფლება მიენიჭოს. რაც შეეხება ხარჯებს, როგორც საკანონმდებლო აქტშია აღნიშნული, სერტიფიცირების ხარჯები დამოუკიდებლად დგინდება აკრედიტებული სუბიექტების მიერ, შესაბამისად კომპანიების მიხედვით ტარიფები შესაძლოა განსხვავებული იყოს. ასე მაგალითად, იუსტიციის სასწავლო ცენტრის შემთხვევაში, სერტიფიცირების საფასური 400 ლარია.