ახალი ამბები

,,მშენებლობა აზიანებს ძეგლს”- სპეციალისტები ალავერდთან სასტუმროს მშენებლობაზე

„ალავერდის მონასტრის უშუალო სიახლოვეს არსებული სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები უნდა შეწყდეს, რადგანაც მშენებლობა ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“, – „მემკვიდრეობის პლატფორმა“ ალავერდის მონასტრის უშუალო სიახლოვეს მშენებარე სასტუმროს საკითხის სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

სპეციალისტების შეფასებით, სასტუმროს მშენებლობა აზიანებს ძეგლს, არღვევს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების რეჟიმს და წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, „მემკვიდრეობის პლატფორმა“ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს – მათი თქმით, უფლებამოსილი პირების მხრიდან ძეგლის ინტერესების საწინააღმდეგოდ როგორც მოქმედება, ისე უმოქმედობა შესაძლოა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და/ან სამსახურებრივი გულგრილობით იყო განპირობებული, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდში, ალავერდის ეკლესიის ტერიტორიაზე, კომპანია „ბადაგო“ პრემიუმ კლასის სასტუმროს – Alaverdi Resort-ის მშენებლობას გეგმავდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. პრემიუმ კლასის სასტუმროს – Alaverdi Resort-ის ასაშენებლად კომპანია „ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციას გეგმავდა, ხოლო 32-ნომრიანი სასტუმრო წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას შეძლებდა.

საკითხის სამართლებრივი მხარე

„მემკვიდრეობის პლატფორმა“ აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ალავერდის ტაძრის კომპლექსში შემავალ ყველა ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

რა შემთხვევაში ენიჭება ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია? – კანონის განმარტებით, ისეთ შემთხვევაში, როდესაც, ძეგლს აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპსა და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.

სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ 2007 წლიდან ალავერდის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში ირიცხება, რაც ამ ძეგლის განსაკუთრებულ კულტურულ ღირებულებაზე მიუთითებს.

რამდენად თანხვედრაშია კანონმდებლობასთან ალავერდის კომპლექსის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობა
„მემკვიდრეობის პლატფორმა“ განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ძეგლის დაცვის მიზნით, განსაზღვრულია, ორი ტიპის – ინდივიდუალური და ზოგადი დამცავი ზონები.

კანონის თანახმად, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.

დასკვნაში ყურადღებაა გამახვილებული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალზე და აღნიშნულია, რომ ეს არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე.

ვიზუალური დაცვის არეალი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის 500 მეტრის რადიუსით განისაზღვრება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ალავერდის მონასტრის მიმდებარედ მიმდინარე სასტუმროს მშენებლობა ძეგლის დაცვის ვიზუალური არეალის დარღვევით მიმდინარეობს, მაშინ ასეთი მშენებლობა ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ამას გარდა, მათივე თქმით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ალავერდის კათედრალი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარულ ნუსხაში ირიცხება, გადაწყვეტილებების მიღების დროს, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალად უნდა განიხილებოდეს 1000 მეტრი და არა დღეისათვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლისთვის კანონით განსაზღვრული 500-მეტრიანი რადიუსი.

„მემკვიდრეობის პლატფორმის“ განცხადებით, თუ მოცემულობად მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ალავერდის მონასტერთან სასტუმროს მშენებლობა ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალების დარღვევით მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ამ სამუშაოებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ასრულებს, თუ ნებართვის გარეშე. ორივე შემთხვევაში სასტუმროს მშენებლობა აზიანებს ძეგლს, არღვევს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების რეჟიმს და წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება დასჯადი ქმედებაა. პასუხისმგებლობის ზომა იზრდება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსი იმ შემთხვევაშიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, თუ ძეგლის დაზიანება გაუფრთხილებლობით მოხდა.

კანონით განსაზღვრულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევისათვისაც. კერძოდ, ფიზიკური დაცვის არეალში დამცავი ზონის რეჟიმის ისეთ დარღვევის შემთხვევაში, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა ან გამოყენება, შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება ანდა დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა მას, ასევე არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს“, – აღნიშნავს „მემკვიდრეობის პლატფორმა“.

შესაძლო სამოხელეო დანაშაული

სპეციალისტები კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას – მათი თქმით, ალავერდის კომპლექსის მიმდებარედ, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში მიმდინარე მშენებლობაზე მსჯელობის დროს უნდა ვახსენოთ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის შესაძლო არსებობა.

„კერძოდ, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან ძეგლის ინტერესების საწინააღმდეგოდ როგორც მოქმედება, ისე უმოქმედობა შესაძლოა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და/ან სამსახურებრივი გულგრილობით იყო განპირობებული.

ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ ინტერნეტში საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ინვესტორის განცხადება, სადაც ის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს შემდეგს: „ეს არის კომპლექსი, რომელიც დიდი ხნის წინ არის შეთანხმებული… დიდი ხნის წინ ეს კონცეფცია დადებულია უკვე ყველა ორგანოსთან“. ინვესტორის აღნიშნული განცხადება თუ სიმართლეს წარმოადგენს, მაშინ ეს გარემოება მიუთითებს, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები არ მოქმედებდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მოტივით“, – ნათქვამია შეფასების დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული მედიასაშუალებების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ისევე, როგორც ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, პასუხი არ გაუცია შეკითხვებზე.

ნახეთ ასევე ამ თემაზე:

 

ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

“დაანონსებული მშენებლობა არღვევს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს” – განცხადება ალავერდის შესახებ

ალავერდის ისტორია