ახალი ამბები

ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას ადგილობრივები, ხელოვნებათმცოდნეები და „საყდრისის კომიტეტის“ წევრები აპროტესტებენ. მათი თქმით, დაუშვებელია სამონასტრო კომპლექსთან სასტუმროს მშენებლობა, რადგან ეს რელიგიას ეწინააღმდეგება.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან, 200 მეტრში, სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყეს.  მშენებლობას კომპანია „ბადაგონი“ აწარმოებს. სასტუმროს Alaverdi Resort ერქმევა.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების ნიშნად, სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „ბადაგონი“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ ჩაუშვეს.

როგორც გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს. სასტუმროს მშენებლობაში კომპანია 14 მილიონი ლარის ინცესტიციას გეგმავს. სასტუმრო 32-ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.

აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კახეთში მცხოვრებლების თქმით, სამონასტრო კომპლექსთან სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.

,,მონასტერთან ახლოს, სასტუმროს აშენება, იქ გამართული ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობები და სხვა პრობლემური საკითხები, რაც სასტუმროს გახსნის შემდეგ გაჩნდება, მიუღებელია ჩვენთვის. ადგილი ბევრია და სხვაგან აეშენებინათ, რაღა სამონასტრო კომპლექსის ეზოში აკეთებენ ამას. ჩვენ ამ საკითხს არ მივესალმებით და ვფიქრობთ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა”,- აცხადებენ ადგილობრივები.

ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ალავერდის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია, რაზეც დაცვის იგივე კანონები მოქმედებს, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე. მისი თქმით, თუ მშენებლობა დაწყებულია, ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს უნდა ჰქონდეს.

„ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს. ალავერდის გარშემო ძალიან ვრცელ ტერიტორია შეიძლება ჩაითვალოს კულტურული ლანდშაფტის ძეგლად. ამ საკითხზე ჩვენი კანონი ძალიან სუსტია.
გარდა ამისა, ამ ტერიტორიას გეოლოგიური პრობლემებიც აქვს. მრავალმხრივ განსახილველია და ეს უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოებმა. ამის გარეშე არ შეიძლება, რომ რამე განხორციელდეს“,
– განაცხადა, ჟურნალისტებთან საუბრისას, ციცინო ჩაჩხუნაშვილმა.

მონასტრის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას უარყოფითად აფასებენ „საყდრისის კომიტეტის“ წევრები. მათ აღნიშნულ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნეს და ისინი საზოგადოებას და მათ შორის საპატრიარქოს, მიმართავს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკითხის მიმართ.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ 4 თებერვალს გაჟღერებულ ინფორმაციას კომპანია “ბადაგონის” მიერ ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ პრემიუმ კლასის სასტუმრო ”Alaverdi Resort“-ის მშენებლობის თაობაზე.
“საყდრისის კომიტეტი” ყოველთვის მიესალმება რეგიონის განვითარებისთვის განხორციელებულ ინვესტიციებს, თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ.
XI საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ალავერდის ტაძრის, ერთ-ერთ მთავარ ღირსებას ვრცელ მინდორზე მისი ერთადერთობა წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი დიდი ნაგებობის მშენებლობა მისგან 200 მეტრში ამ გარემოს სრულად დაარღვევს და ჩნდება ძეგლის ვიზუალური აღქმის დამახინჯების საფრთხე.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ საქართველოში არსებობს “კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ,” რომლის თანახმადაც “ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას.”
ამავე კანონის 41-ე მუხლში ვკითხულობთ: “კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო კულტურის სამინისტროსთან (ამ შემთხვევაში დელეგირების საფუძველზე ეს ორგანოა – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – ავტ.) შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” (მუხლი 41, პუნქტი 2”,-
ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მათი თქმით, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის პროექტი არ არის შეთანხმებული კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული არ არის, ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა მშენებლობის ნებართვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა.

,,ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შექმნილი რთული სიტუაციის გამო ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, მივმართავთ სააგენტოს:
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს სასტუმრო „Alaverdi Resort“-ის მშენებლობასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროექტის განხილვა პროფესიულ წრეებში, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს დაკარგვის შესაძლო საფრთხეები.
ამასთანავე, მივმართავთ საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკითხის მიმართ, რათა ეს პრეცენდენტი სამომავლოდ არ გახდეს ბიძგი უფრო მასშტაბური საზიანო პროცესისა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში არასასურველი მშენებლობების დაწყებაში გამოიხატება”,- აცხადებენ „საყდრისის კომიტეტის“ წევრები.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარებისა, კახეთის რეგიონში მორიგი, ძალიან ღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

,,ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ინვესტორებს, ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, რათა დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, თან ისეთ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა პანდემიის პირობებში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა.

ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება; ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. „Alaverdi Resort“ იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.