“დაანონსებული მშენებლობა არღვევს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს” – განცხადება ალავერდის შესახებ
მოქალაქეები და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს კულტურის სამინისტროს ალავერდის ტაძრის სიახლოვეს სასტუმროს მშენებლობის შესახებ მიმართავენ.
განცხადებაში ძეგლის მნიშვნელობაზეა საუბარი, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
“დაანონსებული მშენებლობა არღვევს კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მისი ამ სახით განხორციელება გამოიწვევს ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას.
ალავერდის მონასტერი წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშს, რომელიც გარდა არქიტექტურული ძეგლისა, ალაზნის ველის კულტურულ ლანდშაფტთან ერთად ქმნის უნიკალურ ფასეულობას.
ალავერდის კათედრალისა და ალაზნის ველის, როგორც კულტურული და ბუნებრივი ძეგლის, ისტორიულად ჩამოყალიბებული სახით მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერები, ასევე, თხოვნით მიმართავენ სამინისტროს, მიეწოდოთ საჯარო ინფორმაცია ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში მიმდინარე სამუშაოების თაობაზე, სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ნებართვა.
განცხადებას ხელს აწერენ: ორგანიზაციები – „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოება“; „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“; „საქართველოს ეროვნული ფონდი“; საზოგადოება „ბათომი; „სამოქალაქო ინიციატივა“ და „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“; მოქალაქეები – მარიამ ლორია; სოფო ზვიადაძე; ქეთი შავგულიძე; ლევან ლოსაბერიძე; მანანა თევზაძე; მარინე მიზანდარი; ანა მარგველაშვილი; ნინო ინაიშვილი; თამარ სიხარულიძე; ნანა ბაგალიშვილი; თამარ ამაშუკელი; ნინი ფალავანდიშვილი; ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი; გიორგი მუმლაძე; ანა მიქაუტაძე; ლელა ნინოშვილი; გიორგი ხიზანიშვილი; ნატალია ნებიერიძე; დავით მაისურაძე; ნანა ციხისთავი; ნატო ცინცაბაძე; ციცინო ჩაჩხუნაშვილი; მარი ქართველიშვილი; მანანა სურამელაშვილი; ცირა ელისაშვილი; მარიამ გურგენიძე და შოთა გუჯაბიძე.
დღეს ალავერდის საკათედრო ტაძრიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. იქ 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 32 ნომრიანი პრემიუმ სასტუმრო, „ალავერდი რეზორტ“ უნდა გაიხსნას. სასტუმროს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის ლოცვა-კურთხევით აშენებს.