დასაქმების შემთხვევაში, ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ დახმარება არ შეუწყდება შრომისუნარიან იმ მოქალაქესაც, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის.
„საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად და პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ. აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს – გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.
ამ პროგრამით ისარგებლებენ, 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი. პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ყველანი მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას და ჩვენ შეიძლება წელს 100 ათასზეც გავიდეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო და მოსარგებლეს ექნება საშუალება აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია.
„თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, ასევე შეეძლება დასაქმების ფორმალიზება რომ მოახდინოს, ლეგალიზება ან პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ანუ დახმარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიეცემა, ჩვენ ამას არ შევეხებით. ამის ზემოდან ამ პროგრამაში ჩართული თითოეული მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ანუ ერთის მხრივ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, ამის ზემოდან კიდევ სამასი ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც კი, თუ იგი არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობ, სამართლიანია.
რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში, მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს.
საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა, ჩვენი ვარაუდით, იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ 200 ათასზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.