მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ ინიციატივას სთავაზობს
საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს.
სიახლის მიზანია, დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებელზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს, საქართველოს მთავრობის გარანტიით, შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან.
„ჩვენ ახლა, ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებლები, რაც გარკვეული არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაა. მე უკვე მქონდა ეკონომიკურ გუნდში მსჯელობა და გვსურს შეთავაზება გავუკეთოთ სამშენებლო სექტორს. ერთის მხრივ, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით და მეორეს მხრივ, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანია დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებელზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე.
ამ ინიციატივიდან ჩვენ, მინიმუმ, 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა, ეს არის მინიმალური., ვფიქრობ, რომ მილიონ ლარამდე თავისუფლად შევძლებთ და შეძლებენ ეს კომპანიები ათვისებას. მინდა განვმარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის – ბევრ სამინისტროს წლების განმავლობაში შესასრულებელი აქვს ძალიან ბევრი პროექტი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე პოლიციის ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ, პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, აშენება, განათლების სამინისტროს 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია, მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, თავდაცვას აქვს თავისი პროექტები, იუსტიციას და ყველას, მათ შორის, ინფრასტრუქტურას წყალმომარაგების პროექტები თუ სხვა.
ამიტომ, ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით., მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ სამუშაოების მოცულობაზე და ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში, 3-დან 5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. მე ეს იდეა პრაქტიკაში განვახორციელე, როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი და ეს იქნება ძალიან საინტერესო., ერთის მხრივ ჩვენ 4-5 წლის გასაკეთებელს გავაკეთებთ 1 წელში და მეორეს მხრივ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს., მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ეს იქნება დამატებით, მინიმუმ, ერთიდან შეიძლება 2%-მდეც დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი. ამიტომ ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტს”, – განაცხადა პრემიერმა.