თელავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტმა 39 მილიონ 923 ათასი ლარი შეადგინა
გასული წლების მსგავსად, თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებს შეადგებს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და გარემოს დაცვა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 39 მილიონ 923 ათას ლარს შეადგენს და 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტს 4 მილიონ ლარზე მეტით აღემატება. საკრებულოს ინფორმაციით, იზრდება ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხა.
,,მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება 1 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 14 მილიონ 275 ათასი ლარით განისაზღვრება, საიდანაც გზების კაპიტალური შეკეთებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. სკოლამდელი განათლება 8 მილიონ 150 ათასი ლარით დაფინანსდება. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხა 5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას კი 3 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი მოხმარდება”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.