თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მევენახეებმა აქცია გამართეს
თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის საფასურს ორი თვეა ითხოვენ.
სოფელ წინანდალში, ღვინის ქარხანასთან შეკრებილმა ფერმერებმა, ადმინისტრაციის შენობაში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ყურძნის ჩამბარებელმა კომპანიამ, მათ საპროტესტო აქციებზე რეაგირება არ მოახდინა.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეკრებილი მევენახეები, კახეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომელიც მათი თქმით, ყურძნის დავალიანების შესახებ, სრულ ინფორმაციას ფლობს. მათ კახეთის გუბერნატორის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი შეხვდა. მევენახეების თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის საფასურს, კახელი მევენახეები, უკვე ორი თვეა, წინანდლის ღვინის ქარხნის დამქირავებელი კომპანია ,,ართეგს” უშედეგოდ სთხოვენ. კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე იძებნება და რეგისტრაციის მისამართად, თბილისში ნაკაშიძეების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი აქვს მითითებული.
აღნიშნული მოთხოვნით საპროტესტო აქცია მევენახეებმა რამდენიმე დღის წინაც, წინანდალში გამართეს. კომპანია ,,ართეგს” დაახლოებით 400-მდე მევენახეს ვალი აქვს. ისინი ამბობენ, რომ მოსავალი საბანკო კრედიტით მოიყვანეს და ვალის გადაუხდელობის გამო, ბანკის მიერ ყოველდღიურად ჯარიმდებიან.
“ვალით მოვიყვანეთ მოსავალი და ბანკს ვეღარ ვისტუმრებთ. ყოველდღე 50- 100 ლარით გვაჯარიმებენ, ბანკი ამას გაპატიებს? ჯერ გვითხრეს, ღვინოს გავყიდითო, ახლა გვებნებიან ღვინომ იქნებ არც ივარგოსო. მთელი წლის მოსავალი ეს არის, ოჯახებსაც ამით ვარჩენთ. ბანკი მაინც გაგვიჩერონ, რაღაცით დაგვეხმარონ”– ამბობენ მევენახეები.