წინანდალში “სათემო ლიდერთა ფორუმი 2023” გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, “სათემო ლიდერთა ფორუმი” გაიმართა.
„სათემო ლიდერთა ფორუმი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, მათთვის და მათთან ერთად, ორგანიზაციის მიერ 2015 წლიდან რეგულარულად ტარდება.
ფორუმის მიზანია, სათემო ორგანიზაციების პოპულარიზაცია, თემთა შორის კონტაქტების გამყარება/გაღრმავება, რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება და რაც მთავარია, სათემო ლიდერებისთვის და სამოქალაქო აქტივისტებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების თემატიკა წლიდან წლამდე იცვლება იმ მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად, რომელიც სათემო ორგანიზაციებს მოცემულ მომენტში აქვთ. ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ღონისძიებაზე გამორჩეული სათემო ინიციატივების წარმოჩენისა და მიზნობრივი ჯგუფებისთვის საინტერესო საკითხების განხილვასთან ერთად, წინა წლებში დიდი ყურადღება დაეთმო სათემო აქტივიზმისა და სოლიდარობის როლს კრიზისის დროს. დღემდე ჩატარდა 8 სათემო ლიდერთა ფორუმი, რომელსაც დაესწრო ჯამში 900-ზე მეტი მონაწილე, დასახელდა 27 ნომინანტი და გამოვლინდა საუკეთესო სათემო ინიციატივების კონკურსის 10 გამარჯვებული.
წელს ღონისძიებას, რომელიც 16 და 17 ნოემბერს, რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში გაიმართა, დაესწრნენ სათემო, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი ორი დღის განამვლობაში გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა როგორც პანელური დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, ასევე გამორჩეული სათემო პროექტების წარდგენა და დაჯილდოვება.
წლევანდელი ღონისძიების მიზანი იყო საინტერესო სათემო ჯგუფების და პროექტების წარდგენა, 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოვება, რეგიონებისთვის აქტუალურ საკითხებზე მულტისექტორული დიალოგი და სათემო ჯგუფების ქსელური კავშირების გაღრმავება.
,,თემის განვითარების პროგრამა უკვე 25 წელზე მეტია მუშაობს საქართველოში. ის მოიაზრებს, სოფლად, მცირე დასახლებებში აქტიური ადამიანების გამოვლენას, მათი ჯგუფების გაძლიერებას და მათი როგორც ინტელექტუალურ, ისე ფინანსურ მხარდაჭერას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამ ჯგუფებს შორის კონტაქტების დამყარება, ასევე მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და მათი ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ მათ გარშემო არსებული თემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების ფართო აუდიტორიასთან წარმოჩენას. ფართო აუდიტორიაში ჩვენ მოვიაზრებთ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ბიზნეს სექტორს და სახელმწიფო სტრუქტურებს. სწორედ ამას ემსახურება სათემო ლიდერთა ფორუმი, რომელიც იწყება 2011 წლიდან, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბიანი ხდება 2015 წლიდან. ახლაც შევიკრიბეთ კახეთში, წინანდალში 2023 წლის სათემო ლიდერთა ფორუმის ჩასატარებლად და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნაწილი ამ ფორუმის იყო საუკეთესო სათემო ინიციატივების გამოვლენა. მომზადდა ინიციატივები, შეიქმნა პრეზენტაციები და მოხდა მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. გვყავს ორი გამარჯვებული, რომელიც ჟიურიმ გამოავლინა. მეორე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ თვითონ აუდიტორიამ, ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით აარჩია ინიციატივა. ასევე იყო დაწესებული სხვა პრიზები. ასევე ძალიან საინტერესოა ამ პროცესში მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა. კერძოდ, წელს გვყავდა 6 კონკურსანტი და ისინი პრო-ბონოდ მოამზადეს ჩვენი მხარდამჭერი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა”,- განაცხადა თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ნინო ვასაძემ.
საუკეთესო სათემო ინიციატივის გამარჯვებულები გახდნენ: ჟიურის რჩეული- “ჩვენი სივრცე უკეთესი მომავლისთვის“ — მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი და
აუდიტორიის რჩეული- “თრუსოს ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება” — ორგანიზაცია “ლომეკი”.
CSRDG-ს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა ურუშაძე ამბობს, რომ ორგანიზაციის მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზების და მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავების ეფექტურ გზას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განაპირობებს.
,,სათემო ჯგუფები თუ სათემო ორგანიზაციები ძალიან ბევრ სასიკეთო, ცვლილებების მომტან ინიციატივებს ახორციელებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ეს ადამიანები არიან სათემო თემის ლიდერები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა საჭიროებები არსებობს თემში.
ჩვენ, დიდი ორგანიზაციების, როგორც ევროპული, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა ძალიან მნიშველოვანია ასეთი სათემო ორგანიზაციებისთვის. ჩვენო ორგანიზაცია 1998 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს სწორედ ასეთ სათემო ჯგუფებს და ორგანიზაციებს. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არის ფინანსურიც და ტექნიკურიც. ასევე სტრატეგიულად გრძელვადიანი და დიდ შედეგებზე მიმართული”,-აღნიშნა CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.