ვიღებთ ვალებს – გამოკითხული მოსახლეობის 17% ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მომხმარებელთა განწყობის ინდექსის თანახმად, ოჯახის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრისას, გამოკითხულთა 58.2% აცხადებს, რომ შემოსავალი ზუსტად ყოფნის, 17.4%-ის თქმით, ვალებს იღებს, 12.5% კი ამბობს, რომ შემოსავალი ოდნავ აღემატება ხარჯებს.
მოსახლეობის განწყობის ინდექსი აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 44.3%-ის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვის მანძილზე იგივე დარჩა. 26.4% აცხადებს, რომ ოდნავ გაუმჯობესდა, 14.1%-ის თქმით, ოდნავ გაუარესდა, 9.8% კი აღნიშნავს, რომ საგრძნობლად გაუარესდა.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობის მოლოდინებს, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 35.1% აცხადებს, რომ არ იცის თუ როგორი იქნება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის მანძილზე, 30.4%-ის თქმით, იგივე დარჩება, 26.1% კი ამბობს, რომ ოდნავ გაუმჯობესდება.
გამოკითხული მოსახლეობის 58.2%-ის თქმით, ბოლო 12 თვის მანძილზე საქართველოში ფასები საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო 25.8% მიიჩნევს, რომ ზომიერად გაიზარდა. რაც შეეხება მოლოდინებს, კითხვაზე, ბოლო 12 თვესთან შედარებით, როგორ შეიცვლება ფასები მომდევნო 12 თვის მანძილზე, 44.8% პასუხობს, რომ იგივე ტემპით გაიზრდება, 19.6% კი ამბობს, რომ უფრო სწრაფად გაიზრდება.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობას, ISET-ის მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 26.1% აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 12 თვის მანძილზე ეკონომიკური ვითარება ოდნავ გაუარესდა, 25.5% თვლის, რომ საგრძნობლად გაუარესდა, ხოლო 20.1% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა.
კითხვაზე, როგორ შეიცვლება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის მანძილზე, 25.3% პასუხობს, რომ არ იცის, 21.7% – ოდნავ გაუარესდება, 18.5% – იგივე დარჩება.