ინვესტორთა საბჭო კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ასახავს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებას ევროპული მომავლისკენ. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა მზადაა განახორციელოს საჭირო ცვლილებები EU-სთან დაახლოებისა და გაწევრიანების მიმართულებით, რასაც ასახავს ის რეფორმებიც, რომლებიც ქვეყანამ 2014 წლის, ანუ ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ განახორციელა.
“2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 2023 წლის დეკემბერში მიიღებს.
რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ევროკომისიის მიმართ ამ რეკომენდაციისთვის. ის ასახავს რეფორმის ძალისხმევას, რომელიც განხორციელდა მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ ეს ასახავს ევროკავშირის განგრძობად რწმენას ქართველი ხალხის მიმართ, ისევე როგორც ევროკავშირის ერთიანობას რუსული აგრესიის წინაშე. ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ევროკავშირის ხალხის მუდმივი მხარდაჭერისა და შეუპოვრობისთვის.
საქართველოს ევროპული მისწრაფებები ცალსახა იყო არა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში, არამედ საუკუნეების განმავლობაში. საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ გამოავლინა თავისი ძლიერი სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, სურვილი, რომელსაც განაპირობებს საერთო ევროპული ღირებულებები, საერთო ისტორია და საერთო მისწრაფებები მომავლის მიმართ.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირთან ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელება იქნება. წინ ბევრი სამუშაო გველის და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი საჭირო ცვლილება, რომელიც საჭიროა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის უზრუნველსაყოფად. საქართველო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ 2014 წლიდან მოყოლებული ლიდერია. ამ რეფორმებმა არა მხოლოდ დაგვაახლოვა ევროკავშირთან, არამედ ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებას. როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ასოცირების შეთანხმების 10 წლის იუბილეს, ჩვენი გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იქნება შემდეგი ნაბიჯი.
საქართველოს ინვესტორთა საბჭო, ისევე როგორც ბიზნესები და საერთაშორისო ინსტიტუტები, რომელსაც იგი წარმოადგენს, გამოხატავს სრულ მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოთხოვნების შესრულებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესის განსახორციელებლად საქართველო კიდევ ერთხელ გამოავლენს მტკიცე ერთგულებას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე,”- ნათქვამია ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს განცხადებაში.