სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები გაიზარდა
სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები გაიზარდა – ყველა სხვა სამოხელეო დანაშაული კი შემცირდა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 8.33%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს აღნიშნული დანაშაულის 26 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2022 წლის 1-ელ 9 თვეში 24 შემთხვევა იყო.
ოფიციალური მონაცემებით, ქრთამის აღების ფაქტების გარდა, ყველა სამოხელეო დანაშაული შემცირებულია. კერძოდ, ქრთამის მიცემის ფაქტები 25%-ით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები – 42.19%-ით; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები – 22.46%-ით; სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები წლიურად – 59.57%-ით; სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები – 23.38%-ით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები – 100%-ით; ხოლო განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების ფაქტები კი 20%-ით არის შემცირებული.
ამასთან, შს სამინისტროს მონაცემებით, მთლიანად სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი ქვეყანაში წლიურად შემცირებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 311 შემთხვევა დარეგისტრირდა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში რეგისტრირებული იყო ამ დანაშაულების 432 შემთხვევა. რეგისტრირებული შემთხვევები წლიურად 28.01%-ით ანუ 121 შემთხვევით არის შემცირებული.
რაც შეეხება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 311 შემთხვევიდან გაიხსნა 54 საქმე, ანუ გახსნის მაჩვენებელია – 17.36%, ხოლო 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 432 ფაქტიდან გაიხსნა 102 შემთხვევა და შესაბამისად, გახსნის მაჩვენებელმა 23.61% შეადგინა.