ახალი ამბები

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის წესებში ცვლილებები შედის

ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. 2023 წლის 26 ოქტომბრის ბრძანების მიხედვით, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აბორტის მოსაფიქრებლად არსებული 5-დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ცვლილებები ასევე შეეხო მედიკამენტური აბორტის შესახებ პუნქტებსაც – 7 კვირამდე (< 49 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა ჩატარდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ. 10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ - საჭიროების შემთხვევაში ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით. ასევე, რედაქტირდა მე-9 პუნქტი. ახალი დამატებით აბორტისწინა კონსულტაციის და კანონით განსაზღვრული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ცვლილებები შეეხო აბორტისწინა კონსულტაციასაც, რომლის მიხედვითაც კონსულტაცია ჩატარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში. ამასთან, პუნქტში, რომელიც ეხება 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ახალი დამატების მიხედვით, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შესახებ შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს. კანონით ასევე გაიზარდა 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის სია. იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფის დიაგნოზი არ არის განსაზღვრული ჩამონათვალში და ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს, ბრძანების თანახმად, საკითხი ორსულობის შეწყვეტის თაობაზე განიხილება კომისიურად (პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით), პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის დაწესებულებაში –კომისიური წესით. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – სხდომის ოქმი ეგზავნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს.