საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება
საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები ახლა პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი, უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე ამბობს, ცვლილებები პრეზიდენტთან უკვე გადაგზავნილია და ხელმოწერის შემთხვევაში ძალაში შევა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება ცვლილებები, შემდეგი სახით: ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში და უფრო მეტად ნათელი ხდება სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ სტაჟირების შესაძლებლობა.
სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად, ხოლო სტაჟიორად − პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით და განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით, შესრულებული სამუშაოს და საქმიანობის სფეროს მიხედვით.
ასევე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება, სტაჟიორს ჩაეთვლება საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟად. ინიციატორის განმარტებით, სტაჟირება შეუძლია გაიაროს მაგისტრატურის, ბაკალავრიატის ბოლო კურსის და პროფესიული სასწავლებლების მეორე კურსის სტუდენტებმა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შემდეგ საჭირო ხარჯები ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, თუმცა ის არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. სტაჟიორი ვერ მიიღებს დანამატს ან ფულად ჯილდოს.
გივი მიქანაძე, ცვლილებების ავტორი მიიჩნევს, რომ მომავალ წელს 5000-მდე სტაჟიორის მიღება იქნება შესაძლებელი: „მიღებულია კანონპროექტი და ველოდებით ხელმოწერას პრეზიდენტისგან, რომ 1-ელი იანვრიდან სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი. ხელფასი, რომელიც სტაჟიორმა უნდა მიიღოს არადეფიციტურ პროფესიებზე, ეს არის 500 ლარამდე და დეფიციტურზე 1000 ლარამდე ვიძლევით ხელფასის გაცემის შესაძლებლობას. 2024 წლისთვის ვფიქრობთ, რომ 5000-მდე სტაჟიორის მიღებას შევძლებთ”.