სამშობიაროებს საკეისრო კვეთების ზღვარი უწესდებათ – ახალი რეგულაცია
2025 წლის 1 იანვრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ სამშობიაროებს, რომელთაც 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე აქვთ შემდეგი მონაცემები: საკეისრო კვეთების რაოდენობა გაურთულებელ მშობიარობაში (პირველმშობიარე, არატყუპი ნაყოფი, თავით წინ მდებარეობა და ორსულობის ვადა >37კვ) ტოლია ან ნაკლებია 24%-სა.
საკეისრო კვეთების რაოდენობა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში II, II-III დონის დაწესებულებებში არის 40% ან ნაკლები, ხოლო III დონის დაწესებულებებში − 45% ან ნაკლები. 39 კვირამდე საკეისრო კვეთების წილი საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობაში არის 40% ან ნაკლები; საკეისრო კვეთების რაოდენობაში ფიქსირდება შემცირების ტენდენცია 0,1%-ით ან მეტით.
დამატებითი პირობებია განსაზღვრული თვითმმართველი ქალაქებისთვის – ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქუთაისისთვის. ამ შემთხვევაში სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელია დაწესებულება, სადაც მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა 750-ზე მეტია (დასაშვები ცდომილება − ≤5%). ამასთან, აღნიშნული პირობა არ ვრცელდება საუნივერსიტეტო სტაციონარებზე – სამედიცინო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილ, მრავალპროფილიან, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებშიც სამეანო ნეონატალური მიმართულებით მიმდინარეობს დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და სამეცნიერო კვლევა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში.
ამასთან, თუ დაწესებულებას, 2023 წლის 1 დეკემბერს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩერდება მიმწოდებლის სტატუსი.
ცნობისთვის: სამშობიაროების დონეებად დაყოფის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო. პირველი კატეგორიის სამშობიარო სახლებმა ორსულები უნდა დააკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის აუცილებელი ყველა პირობით, მეორე კატეგორიის საავადმყოფოები გართულებულ მშობიარობებს იღებენ, მესამე დონედ კი მრავლპროფილური სამედიცინო დაწესებულება ითვლება, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში ჩვილის ან მშობლისთვის რთული ოპერაციის ჩატარება უნდა შეძლოს.