თელავში, მოქალაქეებმა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია შეკრებით აღნიშნეს
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მედია ცენტრი კახეთის ინიციატივით, თელავში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები შეიკრიბნენ და კახეთის ხმის პირდაპირ ეთერში ისაუბრეს.
მოქალაქეებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ევროკომისიის რეკომენდაციაზე, იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციას და რა შესაძლებლობებს მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის წევრობით, ასევე რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ საბოლოოდ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
,,დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, იმიტომ რომ ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რასაც მოაქვს სიმშვიდე, წინსვლა და განვითარება.
ახლა მთავარია ჩვენ მოქალაქეებმა მეტი გავაკეთოთ, მეტი მოვთხოვოთ ხელისუფლებებს, რომ ის დათქმები, რაც არის შესული ამ რეკომენდაციაში, სრულყოფილად შეასრულოს, რომ მივიღოთ ის სიკეთეები რაც ევროკავშირის წევრობას მოაქვს”,– განაცხადა ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავის ბიუროს ხელმძღვანელმა არჩილ მჭედლიშვილმა.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის დეკემბერში გამოცხადდება.