ახალი ამბები

ჩვენი ხმა ევროპას” – ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტის დაანონსებული აქცია გაიმართება

„ჩვენი ხმა ევროპას“ – საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან შეკრება დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ღონისძიება დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის, გატაცების, ჩვენსავე ტერიტორიაზე. ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ ჩვენი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში, ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არ ვუყურებთ, არ გვჯერა სხვა პერსპექტივის და გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს მომავალი რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს შეიძლება თუ არა კიდევ სჯეროდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან.

ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად – ევროპაში. დღეს იქნება ევროკომისიის დასკვნა, და ვგეგმავდით, 8 საათზე (20:00 საათზე) დიდ ღონისძიებას, არა ჯერ ზეიმისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ დავიწყოთ ხელმოწერების კამპანია. ვგეგმავდით კონცერტის გამართვას. დღეს იქნება დიდი მობილიზაციის საწყისი, თუმცა მომხდარის გამო, შევცვალეთ ღონისძიების სახე, არ იქნება კონცერტი, მაგრამ არ შეცვლილა ღონისძიების არსი. დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი ადგილი არ არის რუსეთში, ევროპაში ვაგზავნით ჩვენს ხმას, შენს ხმას. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას – რუსეთი დღის წესრიგს ვეღარ შეგვიცვლის, ჩვენი ხმა ევროპას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ევროკომისია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის დასკვნას წარადგენს.