7 ნოემბერს თელავში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებები გაუქმდა
სოფელ კირბალში, რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, 7 ნოემბერს, თელავში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებები გაუქმდა.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,მერია მწუხარებას გამოთქვამს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.
მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ 7 ნოემბერს, თელავში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებები, კონკრეტულად:
13:00 – 15:00 სთ – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
17:00-19:00 სთ. – გალა კონცერტი ჯგუფი “ალილოს” და “მიქსტურას” მონაწილეობით გაუქმებულია.
დღის განმავლობაში, პროგრამით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები გაიმართება, რაც მოიცავს მეფის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს, თემატურ გამოფენას თელავის ისტორიულ მუზეუმში, სამეფო ოჯახის მიერ დაჯილდოების ცერემონიას და მცირე მეწარმეთა ნამუშევრებისა და პროდუქტის გამოფენას“,- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია.
თამაზ გინტური კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი და ოფიცერი იყო.
გატაცებულია 35 წლის ლევან დოდიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.