ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს
ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს – ფაქტზე სამი პირია დაკავებული.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევა 30 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოხდა.
ბრალდებულებმა, მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელის ჩამდენ დაზარალებულს, დამამცირებელი ქმედების განხორციელება აიძულეს და ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მამაკაცს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
პროკურატურისვე მტკიცებით, ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 1 ნოემბერს დააკავეს.
სამივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.