ყვარელში მცხოვრებ ნაცვლიშვილების 8 სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება
ქალაქ ყვარელში, ნაცვლიშვილების 8 სულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს, სადაც 6 არასრულწლოვანი ცხოვრობს, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. ოჯახის დიასახლისი მაია დოლმაზაშვილი აცხადებს, რომ ოჯახი წლებია ქირით ცხოვრობს, ბინა კი სადაც თავს აფარებდნენ, გაიყიდა.
მაია ამბობს, რომ მეპატრონემ რამდენიმე თვე მისცათ ბინის დასატოვებლად. ოჯახის წევრების თქმით, იმის გამო, რომ ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებშია, ქირის გადახდას, რომელიც საკმაოდ გაზრდილია ყვარელში, ვერ შეძლებენ. ისინი დახმარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.
,,ვარ მრავალშვილიანი დედა, მყავს ექვსი შვილი. ქირით ვცხოვრობთ ქალაქ ყვარელში, წლებია. გვაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ამ ბინის ქირას მერიის დახმარებით, გაჭირვებით ვიხდიდით. ბინა, სადაც ვცხოვრობთ, გაიყიდა და მოგვიწევს მისი დაცლა. აქ ყვარელში, 300-400 ლარზე ნაკლებად ბინას ქირით ვერ იშოვი, ისეა გაძვირებული. რა უნდა ვქნათ არ ვიცით, ქუჩაში დარჩენა გველის თუ ვინმე დაინტერესდება ჩვენი ამბით, დაგვიკავშირდეს ნომერზე 574773365″,- აცხადებს მაია დოლმაზაშვილი.
მაია ასევე განმარტავს, რომ სახლი სადაც ცხოვრობენ, ახალმა მეპატრონემ უნდა დაანგრიოს და ახალი ააშენოს, მას კი 6 შვილით ღია ცის ქვეშ დარჩენის ეშინია.
,,ეს სახლი უნდა დაანგრიონ და ახალი ააშენონ. არვიცით მერე სად უნდა წავიდეთ. მეშინია ჩემი ექვსი შვილით ღია ცისქვეშ რომ დავრჩე. ჩვენი ოცნებაა გვქონდეს საკუთარი ჭერი. მოვისმინეთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ აპირებენ ჩვენნაირი ოჯახებისთვის ბინების გადაცემას. ვთხოვთ ყველას, რომ დაგვეხმარონ, ამ პროცესში გვერდით დაგვიდგნენ. შესაბამისი განცხადებით ყვარლის მერიას უკვე მივმართეთ და დახმარების იმედი გვაქვს. ძალიან გვიჭირს, ბავშვებს ყველაფერი ენატრებთ”,- განაცხადა მაია დოლმაზაშვილმა.
ოჯახის 8 წევრს მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება. მაიას თქმით, ბავშვები ხშირად სკოლაში ვერ დადიან ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის არქონის გამო. აღნიშნულ საკითხზე knews.ge ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოჯახს ბინის ქირით ეხმარებიან და დასაქმებაშიც დაეხმარნენ. გარდა ამისა, უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ოჯახი სხვადასხვა სოციალურ პროგრამაშია ჩართული.
,,რამდენიმე წელია ეს ოჯახი სარგებლობს მერიის ქირით დახმარების პროგრამით და არამარტო ამით. ჩვენ თავიდან ქირის თანხა გვქონდა 100 ლარი და ამ ოჯახის გამო 150 ლარამდე გავზარდეთ. თუკი რაიმე მომსახურება არსებობს ჩვენი მუნიციპალური პროგრამებიდან, ეს იქნება მედიკამენტები, სასურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა, ყველაფრით ვეხმარებით. არცერთი განცხადება ოჯახის მხრიდან, რომ შეიძლება სადმე გადავიდნენ, არ შემოსულა ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ მის მეუღლეს დავეხმარეთ დასაქმებაში, ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი მაიაც დასაქმებულია.
გარდა ამისა, ისინი ასევე სარგებლობენ სათნოების სახლის მომსახურებით. ჩვენი მხრიდან მათი არცერთი განცხადება უყურადღებოდ არ ყოფილა დატოვებული. მოვიდნენ ოჯახის წევრები ადგილზე, გავესაუბრებით რა შეიძლება გაკეთდეს. გარდა ქირის პროგრამისა, გვაქვს ასევე სოციალური კუთხით მარტოხელა მშობლებისთვის დენით სუბსიდირების პროგრამა, დიალიზით მოსარგებლე სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ტრანსპორტირების პროგრამა, ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა, ასევე ხდება ბავშვთა იშვიათი დაავადებების მკურნალობის დაფინანსება, გვაქვს მედიკამენტებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ონკოლოგიური პაციენტების დახმარება, შეშით დახმარების პროგრამა და სხვა.
ვცდილობთ, სოციალური პროგრამების კორექტირება გავაკეთოთ და საჭიროებებს მეტად მოვარგოთ’’,– განუცხადა knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ავაზაშვილმა.
მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 1000-მდე ასეთ ოჯახს მთავრობა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.
„მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1000-მდე ოჯახია.
ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000-მდე ასეთ ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება მაქსიმუმ ორ-წლიანი პროგრამა. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯამურად. 25 მილიონი ლარი 2024 წელს და შემდეგი 25 მილიონი 2025 წელს. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობის მხრიდან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.